შაბათს, „მანჩესტერ იუნაიტედმა” „ვესტ ბრომვიჩს” ბრუნო ფერნანდეშის პენალტის წყალობით 1:0 მოუგო. თამაში მანჩესტერში, „ოლდ ტრეფორდზე” გაიმართა.

ეს თითქოსდა ჩავლილი ამბავი იმითაა საინტერესო, რომ VAR-მა ფერნანდეშს თერთმეტმეტრიანი ორჯერ დაარტყმევინა. მიზეზი: პირველი ეპიზოდი, როდესაც ბურთი მეკარე სემ ჯონსტონმა მოიგერია, იმიტომ დაიწუნეს, რომ ჯონსტონმა ხაზიდან ფეხი ნაადრევად გადმოდგა.

„ვესტ ბრომვიჩის” მეკარე ფეხბურთში არსებულმა ამ წესმა აღაშფოთა და სოციალურ ქსელებში მოითხოვა, თუკი ჩვენ, კარის მცველებს დარტყმამდე ფეხის წინ გამოდგმას გვიკრძალავთ, მაშინ თავდამსხმელებსაც აუკრძალეთ ახტომ-დახტომები, შეჩერებები და სხვა მოძრაობები, უბრალოდ გამოიქცნენ და დაარტყანო.

საქმე ის არის, რომ ფერნანდეში, რომელსაც დარტყმა გაამეორებინეს, მეკარის დასაბნევად კიდეც შეხტა.

როგორც გაირკვა, სემ ჯონსტონს „არსენალის” ლეგენდარული თავდამსხმელი იან რაიტიც ეთანხმება. მას მიაჩნია, რომ პენალტის შესრულების ის ტექნიკა, რომელიც ყველაზე მეტად „ჩელსის” ვიცე-კაპიტანს ჟორჟინიოს ახასიათებს (იხ. ვიდეო), სამართლიანი არ არის.

„მეკარეებისთვის ძნელია. მათ ფეხი არ უნდა გაანძრიონ, დამრტყმელს კი ნებას აძლევთ ახტეს-დახტეს, გააკეთოს ეს თუ ის მოძრაობა… ჯობს ისინი პირდაპირ გამოიქცნენ და დაარტყან, ყოველგვარი შეხტომების გარეშე”.