როგორც კატალონიური „სპორტი” წერს, საქმე სულ უკან და უკან მიდის. გაზეთის სიტყვებით, „ვანდა მეტროპოლიტანოზე” „ბარსელონას” საღამო კომარად ექცა. ბედოვლათურმა გოლმა, რომელიც სტუმრებმა იანიკ კარასკოს გაატანინეს (იხ. ვიდეო) და ჟერარ პიკეს ტრავმამ „ბლაუგრანა” ცხრილში მეათე ადგილზე დასვა და ერთადერთი ცენტრალური მცველის ამარა დატოვა. რა შეიძლებოდა მომხდარიყო ამაზე უარესი? ერთადერთი რაღაც — „ბარსას” შეეძლო კიდევ უფრო დიდი ანგარიშით წაეგო.

პიკეს ანხელ კორეასთან შეტაკების შედეგად შეიძლება თვეები გაუცდეს. და კიდევ, მან და მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა კარასკოს გოლის ეპიზოდში საშინელი შეუთანხმებლობა გამოამჟღავნეს. ეს პირველი ტაიმის წამატებულ წუთებში მოხდა.

არადა, შეხვედრის დასაწყისში „ბარსელონა” იმედისმომცემად გამოიყურებოდა. ოსმან დემბელეს ჩაკიდების შემდეგ ანტუან გრიზმანს მომენტიც ჰქონდა, მაგრამ მერე ინიციატივა მადრიდელებთან გადავიდა.

ჯერ საულმა შეუმოწმა ტერ შტეგენს ვაჟკაცობა, შემდეგ მარკოს ლორენტემ ძელს გაარტყა ბურთი, ტაიმის ბოლოს კი, როგორც მოგახსენეთ, კარასკომ გოლი შეაგდო.

„ბარსას” კიდევ ჰქონდა ორიოდ მომენტი. კლემენტ ლენგლეს თავური აუღეს, გრიზმანმაც ასევე თავურით, ამაოდ სცადა ბედი.

და სად იყო ამ დროს ლეო მესი? მან ერთი ჯარიმა ააცილა, ზოგადად კი დაბნეული და დათრგუნული ჩანდა.

ერთი სიტყვით, „ატლეტიკომ” 20 ქულა დააგროვა, „რეალ სოსიედადს” დაეწია და მეორე ადგილზეა.