არსენალელებს, დავიდ ლუისსა და დანი სებალოსს თანაგუნდელების წინაშე ბოდიში მოახდევინეს. მიზეზი: წინა კვირაში, ვარჯიშზე, მათ ერთმანეთს ცხვირ-პირი დაუნაყეს.
როგორც ამბობენ, ჩხუბის წამომწყებმა ესპანელმა სებალოსმა სავარჯიშო მოედანი სახედასისხლიანებულმა დატოვა.
ამბავი ზუსტად ერთი კვირის წინ მოხდა. 24 წლის სებალოსი ლუისთან საჩხუბრად პირველი წამომხტარა. ამის დანახვაზე თურმე თანაგუნდელებიც წამოხტნენ და წაკიდებულები გააშველეს, ოღონდ მანამდე მათ ერთმანეთის გვემა მაინც მოასწრეს.
როგორც ინგლისურმა პრესამ შეიტყო, „მეთოფეთა” ბანაკში მიაჩნიათ, რომ მათ გუნდში ისეთი არაფერი მომხდარა, რაც სხვაგან არ ხდება. სხვათა შორის, სებალოსმა, რომელიც „არსენალში” „რეალიდან” იჯარითაა გადასული, ჩხუბი იუარა. ასეთი რაღაც არ მომხდარაო.
ორივე ფეხბურთელი საწვრთნელ ცენტრში სამშაბათს დაბრუნდა და გუნდს ბოდიში მოუხადა.
ზოგადად სებალოსი ეტყობა კონფლიქტური ადამიანია, რადგან ამ სეზონში ედი ნკეტიასთანაც მოახერხა დაპირისპირება, ოღონდ ინგლისელთან საქმე ერთმანეთის გინებას არ გასცდენია.
აქა-იქ დაიწერა, რომ „არსენალის” ბაზაზე კონფლიქტები მაშინ ხდება, როდესაც მწვრთნელი მიკელ არტეტა ფეხბურთელებს მაღალი ინტენსიობით ავარჯიშებს. ნეტავ, რას აკეთებინებს ასეთს?