ახლა გამოძიება იქნება! ირლანდიის ნაკრების მწვრთნელს სტივენ კენის თავისი ფეხბურთელებისთვის ანტიინგლისური ვიდეო უჩვენებია. ეს ამბავი ერთი კვირის წინ მოხდა, როდესაც ინგლისმა და ირლანდიამ „უემბლიზე” ამხანაგური შეხვედრა გამართეს. ინგლისმა 3:0 მოიგო.
კენი თამაშის წინ ფეხბურთელების დამუხტვას ცდილობდა, მაგრამ ეტყობა ძველებური აღზრდის კაცია და ვერ გათვალა, რომ თანამედროვე ახალგაზრდებში ანტიინგლისური რიტორიკით შოკს გამოიწვევდა.
ასეც მომხდარა, თურმე ფეხბურთელების ნაწილი ეკრანს პირდაღებული და შემცბარი უყურებდა, მავანმა ჩინოსანმა კი, რომელიც ამ „თეორიულ მეცადინეობას” ესწრებოდა, მწვრთნელს ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციაში უჩივლა.
რა აჩვენა კენიმ ფეხბურთელებს? ვიდეო უპირველეს ყოვლისა შეიცავდა ზოგადისტორიულ კადრებს, აგრეთვე 1995 წელს, დუბლინში, ინგლისელი ფანების ხულიგნობის გამო ჩაშლილი ამხანაგური მატჩის ამბებს; თხრობას 1916 წლის სასტიკად ჩახშობილი „აღდგომის აჯანყების” შესახებ და დამოუკიდებლობის დეკლარაციას.
ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ საკითხი აუცილებლად ბოლომდე იქნება შესწავლილი.