„მანჩესტერ სიტი” იანვრის სატრანსფერო ბაზრობაზე ლეო მესის ყიდვას აპირებს. გეხსომებათ, რომ ზაფხულის ბაზარზე „სიტი” ძალიან ცდილობდა არგენტინელის გადაბირებას, მაგრამ ვარსკვლავი, „ბარსელონას” შეფებთან იურიდიული დავის შემდეგ, „კამპ ნოუზე” დარჩა.
მაშ, ხელახალ მცდელობას რაღა აზრი აქვს?
საქმე ის არის, რომ მესი „ბარსელონაში” თავს კომფორტულად მაინც ვეღარ გრძნობს. თან, კატალონიურ კლუბს ფული სჭირდება.
„სიტისთვის” მესის ყიდვა იმ მხრივაც იქნება სასარგებლო, რომ მწვრთნელი პეპ გვარდიოლა, რომელსაც „ქალაქელებთან” ახალ კონტრაქტზე ხელი ჯერ არ მოუწერია, ყოფილი შეგირდის ეშხით „ეტიჰედზე” დარჩება.
33 წლის ლეო მესის „ბლაუგრანასთან” კონტრაქტის ვადა სეზონის ბოლოს ეწურება და თუ კლუბმა მანამდე ვერ მოახერხა რამე, შესაძლოა ზაფხულში უბრალოდ ქუდი დაიხუროს და წავიდეს. ეს კი „ბარსასთვის” კომერციული თვალსაზრისით დიდი შეცდომა იქნება.
ცნობისთვის: „ბარსელონას” ვალი სადღეისოდ 487,5 მილიონი ევროს ტოლია.
მესი, რომელსაც „ბლაუგრანას” მაისურით 741 შეხვედრაში 640 გოლი აქვს გატანილი, რონალდ კუმანის ფორმაციის გუნდში ძველებურად მხოლოდ ეპიზოდურად ბრწყინავს.
ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ უეფას ახალი წესის თანახმად ფეხბურთელს, რომელიც იანვარში კლუბს გამოიცვლის, ნება მიეცემა ახალი გუნდის სახელით ითამაშოს ჩემპიონთა ლიგაში, თუნდაც ძველი გუნდის შემადგენლობაში შემოდგომაზე ჯგუფურ ეტაპში უკვე ჰქონდეს მონაწილეობა მიღებული.