სომხეთთან როგორ წააგეთ, ბიჭო?..

მეგობრებთან ერთად ვუყურე საქართველო – ჩრდ. მაკედონიას. რეგულაციებს დავემორჩილეთ და რაკიღა საგანგებო მდგომარეობას ემთხვეოდა მატჩი, იქვე დარჩენა გადავწყვიტეთ.

ასეთი მნიშვნელობის თამაშისას უერთმანეთოდ ვერ ვიქნებოდით, გვსურდა დიდი ემოცია თანაბრად გაგვენაწილებინა და ტრიუმფი გაგვეზიარებინა… თვალებს ვერ ვუსწორებდით ნამატჩევს ერთმანეთს, თუმც ერთად ყოფნით ერთმანეთს ეს ტკივილი თუ ვერ გადავატანინეთ, შევუმსუბუქეთ მაინც და ასე იყო ათი ათასობით ადამიანი 12 ნოემბრის ღამეს…

და ორ დღეში კვლავ ამხელა სირცხვილისთვის გაგვიმეტეთ… თქვენ ამაზრზენ შედეგებზე თქვენსავით პასუხისმგებელი ფედერაციის ჩინოსნები მუშტების ქნევით თუ უტიფარი განცხადებებით აქეთ გვამუნათებდნენ, ნაკრებს თქვენი მხარდაჭერა აკლდაო, მაგრამ, თქვენ ხომ იცით რომ გულანთებული გედექით გვერდით?

თქვენ ხომ უამრავ ჩვენ გზავნილს კითხულობდით მაკედონიელებთან მატჩამდე. გზავნილებს, სადაც, ათასობით ჩვენთაგანი სითბოს, სიყვარულს, თანადგომას გიდასტურებდათ…

ბოლოსდაბოლოს ის ქომაგი ვიყავით, ჩრდილოეთ მაკედონიელთაგან ნაგვემნი ფეხზე რომ წამოგაყენეთ, ისევ გულმხურვალედ შემოგიძახეთ და სომხეთთან სარეაბილიტაციოდ ბოლომდე გამოგყევით. ბოლომდე, მოედნამდე, იქამდე, სადაც უკვე მხოლოდ თქვენი მარიფათი უნდა გამოგეჩინათ და რა გააკეთეთ?

ადექით და წააგეთ, სომხეთთანაც წააგეთ, იმ სომხეთთან რომელიც ყოველთვის პრინციპული მეტოქე იყო, იმ სომხეთთან ვისთანაც დათუნაშვილის ერთ ტაიმში გატანილი ხუთი გოლით და თბილისში მოგებული შვიდით ნულით ვიწონებდით თავს.

ამ ქვეყანას წაგებული ომის დამღა აზის და ეგებ არც ეფეხბურთებოდათ, მაგრამ პროფესიონალები აღმოჩნდნენ, ჩამოვიდნენ და კვლავ სირცხვილნაჭამები დაგტოვეს…

მეგონა მოიგებდით, ყველაფრის მიუხედავად, მართლა ძალიან მჯეროდა ამის, დარწმუნებული ვიყავი სინდისი გქენჯნიდათ მაკედონიელებთან წაგების გამო, ეს გრძნობა გულს აგინთებდათ და სომხების ძლევით გულშემატკივარს ბოდიშს მოუხდიდით გათელილ-დასამარებული იმედების გამო… ზედიზედ ორი პრინციპული მატჩი ითამაშეთ და ორივე სამარცხვინოდ წააგეთ…

შევცდი…

არა, ისე სომხეთთან როგორ წააგეთ, ბიჭო?..