ახლაღა გახდა ცნობილი, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელ გარეთ საუთგეიტს covid 19 მოუხდია. დღეს შუა ნოემბერია, მას კი თურმე სიმპტომები ოქტომბრის ბოლოს მიეძალა. 50 წლის ყოფილი ფეხბურთელი ათდღიან თვითიზოლაციაში ჩაკეტეს და შინიდან მხოლოდ მაშინ გამოუშვეს, როდესაც ტესტის პასუხი უარყოფითი გახდა. ინგლისური პრესა წერს, შიშობდნენ, ვაითუ მისი ასაკის კაცს დაავადება გართულებოდაო (სახიფათო ასაკად ხან ერთს ასახელებენ და ხან მეორეს), მაგრამ ყოფილი სპორტსმენის კაჟივით ორგანიზმმა ყველაფერი დაძლია.

საუთგეიტისთვის კორონავირუსი 25 ოქტომბრის მიდამოებში დაუდგენიათ. ავადმყოფობამ მას ახლანდელი თამაშებისთვის მზადებაში შეუშალა ხელი — იძულებული გახდა ჩრდილოეთ იორკშირში, თავის სახლში განმარტოებულიყო და პრემიერლიგის თამაშებზე აღარ ევლო.

ამაყი ინგლისელები ამბობენ, პრინცი უილიამის მსგავსად, ცნობა ავადმყოფობის შესახებ მანაც მშვიდად მიიღო და ამბავი მხოლოდ რამდენიმე ახლობელს შეატყობინაო.

5 ნოემბერს აღებულმა ტესტმა კი აჩვენა, რომ საუთგეიტს კორონავირუსი აღარ სჭირდა და მწვრთნელს ნება დართეს, ვიდეოკონფერენციით, ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელების სია წაეკითხა.

ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებს და პერსონალს რეგულარულად უტარებენ ტესტირებას. საუთგეიტსაც, რომელიც ეროვნულ გუნდს 2016 წლიდან უდგას სათავეში, 5 ნოემბრის შემდეგ რამდენიმე სინჯი აუღეს და დადგინდა, რომ ის ნამდვილად გამოჯანმრთელებულია.

გარეთ საუთგეიტს ფეხბურთელობის წლებში, როგორც ინგლისელები იტყვიან 57 კეპი აქვს მოგროვებული. ის დღემდე ვარჯიშობს, დარბის და ცნობილია შემთხვევა, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, სირბილის დროს, ზედმეტი მონდომებისგან მხარიც კი ამოიგდო.

წლეულს, მარტში, მან ხალხს მიმართა, ექიმებისთვის პაციენტები რომ არ დაემატებინათ, შინიდან არ გასულიყვნენ. მაშინ თქვა, ასეთი დიდი გამოწვევის დროს სპორტი მნიშვნელობას კარგავსო, ხოლო მაიში 5 მილიონიანი ხელფასის 30% დაიკლო.

ზოგადად, ცნობილია, რომ გარეთ საუთგეიტი რეგულაციების დარღვევის სასტიკი მოწინააღმდეგეა და კანონმორჩილების სადარაჯოზე დგას.

დღეს, ინგლისის ნაკრები ბელგიაში თამაშობს, ოთხშაბათს კი ისლანდიას მასპინძლობს. ბრიტანეთის მთავრობამ ისლანდიელებს დანიიდან ქვეყანაში შესვლის საგანგებო ნებართვა გამოუწერა.