ჰარი კეინს დღისით-მზისით, 100 000 გირვანქიანი „რენჯ როვერი” მოპარეს. ქურდების ჯგუფს, როგორც ჩანს, ეს მანქანა მიზანში ჰქონდა ამოღებული, რადგან ქუჩის კამერებს დაუფიქსირებია როგორ ჩაუარა ვარსკვლავის „რენჯ როვერს” ერთმა და იმავე ავტომობილმა რამდენჯერმე. თან, მომზადების გარეშე პრესტიჟული უბნიდან ძვირი მანქანის წაყვანა ადვილი საქმე არ უნდა იყოს.
27 წლის კეინი „ტოტენჰემ ჰოთსპურის” მესამე ფეხბურთელია, რომელსაც ბოლო თვეებში ლონდონური კრიმინალი შეეხო. დელე ალისა და იან ვერტონგენს უარესი შეემთხვათ — მძარცველები დაესხნენ თავს.
კეინის მანქანა სახლის წინ მდგარა. ქურდებს მის გასახსნელად ელექტრონული მოწყობილობა გამოუყენებიათ.
კეინის ახლობელმა თქვა: „ჰარის ეჭვი აქვს, რომ საქმე გვაქვს ბანდასთან, რომელიც ფეხბურთელებზე მუშაობს. ეს ყველაფერი დამთხვევას არ ჰგავს”.
კიდევ კარგი კეინს და მის მეუღლეს, რომელიც ბავშვს ელოდება, მანქანაში ძვირფასი და საჭირო არაფერი დაუტოვებიათ. პოლიციას ჰარისთვის უთქვამს, რომ მანქანის პოვნა და დაბრუნება ძნელი იქნება. ასეთ ქურდობებს, როგორც წესი, კარგი ბოლო არ აქვსო. ფეხბურთელისთვის კი მნიშვნელოვანია, რომ მისი ახლობლებიდან არავინ დაშავდა.
ჰარი კეინის გასამრჯელო კვირაში 200 000 გირვანქაა და მანქანაც დაზღვეული ექნებოდა.