დავმარცხდით და ეს არ იყო რიგითი მარცხი. ჩვენ ფაქტობრივად მომავალი წავაგეთ, ის მომავალი, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ, იმედიანი და ოცნებებით სავსე იყო.
მე უფრო მეტად გავიხედე მაკედონიელთა კარისკენ, ვიდრე ჩვენმა ნაკრებმა მთელი მატჩის მანძილზე და დიახ, ჩვენ ვიტყვით რომ ფეხბურთელებმა ჩააგდეს თამაში. მოულოდნელი და ბუნდოვანი იყო გუნდის ტაქტიკური მონახაზი, ზოგადად, შერჩეული შემადგენლობა, მწვრთნელის უნიათო გადაწყვეტილებები და რაღა თქმა უნდა, იმასაც ვიტყვით, რომ ვლადიმერ ვაისი ჩაფლავდა, მაგრამ მთავარი სათქმელი ისაა რომ, თამაშის მოსაგებად მაკედონიას არ გაუკეთებია იმდენი, რამდენიც ჩვენ გავაკეთეთ ჩრდ. მაკედონიელთთათვის.
და ამ ისტორიული მატჩის წაგებაში მთავარი დამნაშავე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაა. სწორედ კობიაშვილის კანტორაა პასუხისმგებელი მისივე შერჩეული მწვრთნელის შედეგებზე და რაც მთავარია, ამ დონის მნიშვნელობის მატჩის უმაყურებლოდ ჩატარებისთვის – ნაკრები უქომაგოდ, ქომაგი კი უფეხბურთოდ დატოვა, რისთვისაც პასუხს მალე მიიღებს.
ასეთ მატჩებს ჩვენნაირი ქვეყნები უდიდესი მუხტით იგებენ. მუხტი კი გულშემატკივრიდან მოდის და ჩვენ ეს მძლავრი იარაღი გამოგვაცალეს. უეფას რომ უარი ეთქვა გულშემატკივართა დასწრებაზე, კობიაშვილს ამ უფლების მოსაპოვებლად რკინის ქალამნები უნდა ჩაეცვა, რათა ჩვენისთანა პატარა ქვეყანისთვის დიდი სტიმული გაეჩინა და საპირისპიროდ რა მივიღეთ?
უეფასგან ხონჩით მორთმეულ წყალობაზე უარი ვთქვით. განვითარებულ ქვეყნებში სახელმწიფოში სახელმწიფოს წარმოადგენენ საფეხბურთო ფედერაციები და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას საჭირო პასუხისმგებლობა და პრინციპულობა რომ გამოეჩინა, ეგებ ეფრინა კიდეც ქომაგთაგან ცეცხლშენთებულ გუნდს და იქნებ მუხლებიც აკანკალებოდათ ამით დათრგუნვილ სტუმრებს მაგრამ…
ჩვენ ეს თამაში თამაშამდე წავაგეთ. იმ ქვეყანას, რომელსაც 45 ათასი კაცი მიტინგზე უდგას და სრულიად ერის საკეთილდღეოდ 20 ათასი სტადიონზე ვერ დაუსვამს, წინსვლა გაუჭირდება