მადლობა ვის? უეფას და ერთა ლიგას. შოტლანდიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მიდის!  შოტლანდიის ნაკრები მიდის იქ, სადაც 22 წელიწადია არ ყოფილა — მსხვილ საერთაშორისო ტურნირზე. „ტარტან არმი” ბოლოს 1998 წელს, საფრანგეთში, მსოფლიოს ჩემპიონატზე გახლდათ.

ბელგრადში, სქოთების გამარჯვება პენალტებით გაირკვა. თავად თამაში 1:1 დასრულდა. ანგარიში „სელტიკის” ნახევარმცველმა რაიან კრისტიმ გახსნა, მაგრამ „რეალის” თავდამსხმელმა ლუკა იოვიჩმა გაქვითა. ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა 52-ე და… 90-ე წუთებზე.

რაც შეეხება პენალტების სერიას, სქოთებმა ხუთივე შეაგდეს, სერბებმა კი ბოლო ვერ გაიტანეს — „დერბის” მეკარემ დევიდ მარშალმა „ფულემის” თავდამსხმელ ალეკსანდარ მიტროვიჩს აუღო.