შესავლის გარეშე ვთქვათ, 88-ე და 90+2 წუთებზე ფეხბურთელების შეცვლა ჯანდაბას, კაცმა შეიძლება იფიქროს, რომ დრო გაგვყავდა, მაგრამ… თუმცა, არა კაცო, რას ვლაპარაკობ. პირიქით, დრო იმათ გაჰყავდათ 89-ე წუთზე ორი ფეხბურთელი რომ შეცვალეს. ისინი იგებდნენ და…
დაიცა, ერთი წუთით, კარგად დავფიქრდე. ესე იგი, ისინი იგებდნენ. ანუ, უნდოდათ, რომ თამაში მალე დამთავრებულიყო. ანუ, დრო იმათ გაჰყავდათ.
კი მაგრამ, ჩვენებს რატომღა გაჰყავდათ?
ჯანდაბას, შეცვლებზე კიდევ დავხუჭავდი თვალს, მაგრამ შესაცვლელი ფეხბურთელი — ვინ იყო არ მახსოვს — გადაღმა აუტიდან კი არ გავიდა, მთელი მინდორი გადმოირბინა და ისე დატოვა მოედანი. აი, წესის შეცვლამდე დროის გასაყვანად ყველაზე იქითა ფეხბურთელს რომ ცვლიდნენ ხოლმე მოურინიუს მსგავსი ეშმაკები. ჰოდა, ესე იგი რა გამოდის? მაინც ჩვენ გაგვყავდა დრო?
და საერთოდ, რატომ მეგონა, რომ მოვიგებდით? ხომ ვიცოდი, რომ უფრო წავაგებდით და რას ავიტეხე ეს მოვიგებთ, მოვიგებთ, მეთქი. ანუ, ვიცოდი რომ წავაგებდით და მეგონა, რომ მოვიგებდით?
მაინც, როგორ ვგავართ ეს ქართველები ერთმანეთს.
რომელიღაც უცხოურ საიტზე წავიკითხე, საქართველომ რეიტინგში თავისზე მაღლა მდგომ გუნდს ოფიციალური თამაში ბოლოს 2015 წელს მოუგოო. შეიძლება იტყუებოდნენ, მაგრამ… კაცმა რომ თქვას, რატომ მოიტყუებოდნენ? ვითომ უნდოდათ, რომ დავებნიეთ? მაგრამ, როგორ უნდა დავებნიეთ, ჩვენ ხომ ისედაც დაბნეულები ვიყავით: ბელარუსთან ნახევარფინალს საუკუნის თამაში შევარქვით, არადა, წესით ეგ ფინალისთვის უნდა შეგვერქმია.
თუმცა, მაინც არ გამოდის. საუკუნის თამაში 2020 წელს თუ გაქვს, შემდეგი 80 წელი რაღა უნდა აკეთო?
ან ამ მოედანს რა ჯანდაბა სჭირს? ეტყობა, „დინამო“ ცხვარს აძოვებს აი, ფარერებიდან ჩამოყვანილს.
კიდევ, ისა… ოთხსკამგამოტოვებით, პირბადეებით რომ დამსხდარიყავით, კორონა დაგემართებოდათო. თქვენ ფეხბურთი პოლიტიკური მიტინგი არ გეგონოთ, ფეხბურთზე ისეთი ინფიცირება იცის მტერს და ავსო.
ჩვენც მარტო კორონამოხდილები რომ შეგვეშვა?…
მაგრამ, ეს ყველაფერი ქარია და ნაცარი იმასთან შედარებით, ერთი ფეხბურთელი 88-ე წუთზე რომ შევცვალეთ და ორი 90+2-ზე. ეტყობა მაინც ჩვენ გაგვყავდა დრო.