კოვიდპანდემია სანაკრებო ფეხბურთს საკლუბოზე მეტად უშლის ხელს. ასე მაგალითად, ინგლისისა და ისლანდიის ნაკრებთა მატჩი, რომელიც ერთა ლიგის ფორმატით უნდა გაიმართოს შესაძლოა ნეიტრალურ ქვეყანაში გადაიტანონ. წესითა და რიგით ის ლონდონში, „უემბლიზე” უნდა ჩატარებულიყო.
პრობლემა გახლავთ ახალი რეგულაცია, რომელიც ბრიტანეთის ხელისუფლებამ შემოიღო და რომლის თანახმადაც დანიიდან გაერთიანებულ სამეფოში შესვლა შეიზღუდა. თვით პრემიერლიგამაც კი მიმართა თავის კლუბებს, მოერიდონ ფეხბურთელების დანიაში სანაკრებო თამაშებზე გაშვებას, რადგან დაბრუნების შემდეგ მათ პირდაპირ მოედანზე არავინ შეუშვებს და 14 დღიან თვითიზოლაციაში ამოაყოფინებენ თავს.
თავიდან თამაშის გადადებას ფიქრობდნენ, ახლა კი ნეიტრალურ ქვეყანაზე დაიწყეს ლაპარაკი.
მდგომარეობა გუშინ იტალიელებმა გაამწვავეს. მათ სერია A-ში მოთამაშე უცხოელ ფეხბურთელებს ეროვნულ ნაკრებებში გამგზავრება აუკრძალეს. მიზეზი იგივეა: რომ დაბრუნდებით კარანტინში ჩასხდებით ანუ, ორი კვირა, ფაქტობრივად, ხელფასს ტყუილად აიღებთო. ცხადია, ქვეყანაში ინფექციის შემოტანისაც ეშინიათ.
იტალიური აკრძალვა ნიშნავს, რომ „ინტერის” თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ ბელგიის ნაკრების შეხვედრებში მონაწილეობას არ მიიღებს, მათ შორის ინგლისის წინააღმდეგაც.
ინგლისელთა თავკაცი გარეთ საუთგეიტი ამ კვირაში გაიგებს ბოლოს და ბოლოს მოუწევთ ისლანდიელებთან თამაში თუ არა.
ცუდ დღეში ჩავარდა სერბეთის ნაკრები, რომელსაც 6 ფეხბურთელი გაუხდა covid 19-ით ავად. არადა, საქართველოსი არ იყოს, სერბები ხუთშაბათს, 12 ნოემბერს, ევრო 2020-ის ფლეი-ოფს თამაშობენ. ბელგრადში შოტლანდია უნდა ჩავიდეს.
ისლანდიის ნაკრებს დანიის ფაქტორი ხელს იმიტომ უშლის, რომ ინგლისამდე სამი დღით ადრე სწორედ კოპენჰაგენში აქვს თამაში და წესით ლონდონში იქიდან უნდა გამგზავრებულიყო.
ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია მაინც იმედოვნებს, რომ ხელისუფლება თავის რეგულაციას გადახედავს და ისლანდიის ნაკრებს უსაფრთხოების უამრავი წესის დაცვით ბრიტანეთში ჩასვლის ნებას დართავს.
თავის მხრივ, დანიის ფეხბურთის ასოციაციამ გამოაცხადა, რომ პრემიერლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებს, კასპერ შმაიხელს, ანდრეას კრისტიენსენს, პიერ-ემილ ჰოიბერგსა და იანიკ ვესტერგაარდს ოთხშაბათს, შვედეთთან ამხანაგურ შეხვედრაში არ გამოიძახებს.
ბრიტანულმა რეგულაციებმა „ლესტერ სიტის” ხსენებული მეკარე შმაიხელი გააბრაზა. მან თქვა: „ჩემი აზრით აქ მეცნიერება არაფერ შუაშია. ეს პირწმინდა პოლიტიკაა. იმედი მაქვს, მთავრობაში თვალებს გაახელენ და დაინახავენ, რომ ჩვენ, ფეხბურთელები ათასგზის შემოწმებულები და მრავალმხრივ დაცულები ვართ. პირდაპირ უსაფრთხოების გარსი გვაკრავს”.
„ტოტენჰემ ჰოთსპურის” თავკაც ჟოზე მოურინიუსაც აქვს ანალოგიური პრობლემა. მის გუნდში დანიელი ნახევარმცველი პიერ-ემილ ჰოიბერგი თამაშობს.
მოურინიუმ თქვა: „პიერს ძალიან უნდა თავისი ქვეყნის სახელით ითამაშოს და დანიის ფეხბურთის ასოციაციასთან მუდმივ კონტაქტშია. უბრალოდ, ვალდებულები ვართ მოვძებნოთ გამოსავალი როგორც ჩვენთვის, ასევე ფეხბურთელებისთვის”.