თომას ტუხელს თუ არ ჩავთვლით, გერმანელებს ჩემპიონთა ლიგაში მშვენიერი ოთხშაბათი ჰქონდათ: „დორტმუნდმა” „ბრიუგეს” სტუმრად 3:0 მოუგო; „ლაიპციგი” „პარი სენ ჟერმენთან” აგებდა, მაგრამ თამაში შემოატრიალა და 2:1 მოიგო — სწორედ აქ არ გაუმართლა პარიზელთა მწვრთნელ ტუხელს; ტიმო ვერნერმა კი „ჩელსის” შემადგენლობაში ორი გოლი გაიტანა. დასავლეთლონდონელებმა „რენს” 3:0 მოუგეს.
„დორტმუნდმა” ბრიუგეს მალევე მოუთავა საქმე: „რეალის” ვარსკვლავის ედენ აზარის ძმამ თორგენ აზარმა უკვე მე-14 წუთზე გახსნა ანგარიში, ნორვეგიელ ამომავალ ვარსკვლავს, 20 წლის ერლინგ ჰოლანდს კი მეორეს შესაგდებად 4 წუთი დასჭირდა. თავიდან მას თავით ახლოდან დარტყმული ბურთი „ბრიუგეს” მეკარე სიმონ მინოლემ აუღო, მაგრამ ცხვირწინ ჩამოგდებულს ჰოლანდმა სწორად დაამატა.
ბელგიური გუნდის რბევა ამით არ დასრულებულა. 32-ე წუთზე ჰოლანდმა კიდევ ერთი გაიტანა. მისი ორივე გოლი ტიპიური ცენტრფორვარდის ნამუშევარი გახლდათ.
საინტერესოა, რომ ამ შეხვედრაში პირველი ცვლილება… მსაჯისა იყო. დამირ სკომინამ შეხვედრის გაგრძელება ვეღარ შეძლო და ის მეოთხე არბიტრმა დრაგოსლავ პერიჩმა შეცვალა.
„ლაიპციგისა” და „პარი სენ ჟერმენის” შეხვედრაში პარიზელებმა მასპინძელთა შეცდომით მე-6 წუთზე ისარგებლეს და ანგარიში გახსნეს. გოლი ანხელ დი მარიამ შეაგდო. ამის შემდეგ, მე-19 წუთზე არგენტინელს ანგარიშის გაზრდის და ვინ იცის სულაც თამაშის მოკვლის შესაძლებლობა მიეცა, მაგრამ… პენალტი ვერ გაიტანა. შედეგად, ტაიმის მიწურულს პსჟ დაისაჯა — ნკუნკუმ გაქვითა. შესვენების შემდეგ, 12 წუთში კი იულიან ნაგელსმანის გუნდს გამარჯვება ემილ ფორსბერგმა მოუტანა. სტუმრებს საქმე იმანაც გაურთულა, რომ ამის შემდეგ მათმა ორმა ფეხბურთელმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა.
მართალია, ზემოთ ვთქვით, რომ „ჩელსიში” გერმანელმა ტიმო ვერნერმა გამოიჩინა თავი, მაგრამ არ გვითქვამს, რომ ინგლისური გუნდის კიდევ ერთმა გერმანელმა კაი ჰავერცმა „რენთან” შეხვედრაში მონაწილეობა საერთოდ ვერ მიიღო. მიზეზი: მატჩის წინ გაირკვა, რომ ჰავერცს covid 19 სჭირს.
ტიმო ვერნერს კი არც კორონა აწუხებდა და თერთმეტი მეტრიდან მიზანსაც არ უჩიოდა — მეათე და ორმოცდამეერთე წუთებზე ორი პენალტი შეაგდო. ძალიან არ გაუმართლა „რენის” ბრაზილიელ მოთამაშეს დალბერტს, რომელმაც ორივე პენალტი აიკიდა და… მეორე ეპიზოდში ხელით თამაშის გამო მეორე ყვითლითაც დაისაჯა.
„ჩელსის” მესამე გოლთან ტამი აბრაჰამმა გაიტანა.
და რაკი ჩემპიონთა ლიგის ოთხშაბათს გერმანულ ჭრილში განვიხილავთ, ვთქვათ, რომ მუხლის ოპერაციის შემდეგ „ბარსელონას” დაუბრუნდა მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი. კიევის „დინამოსთან” თამაშის წინ მან ტვიტერზე დაწერა: „მუხლჩაუხრელი მუშაობის თერთმეტმა კვირამ და ყურადღების სრულმა მოკრებამ შედეგი გამოიღო. სათამაშოდ მზად ვარ”!
ტერ შტეგენმა ბოლოს აგვისტოში ითამაშა — იმ ავადმოსაგონარ მატჩში, როდესაც „ბარსელონამ” „ბაიერნთან” 2:8 წააგო.
კიეველებს „ბარსამ” 2:1 აჯობა.