ეგებ ბართლომეს ღამეც კი დამერქმია ამ ოხრადდასარჩენი სვეტისთვის, ან გრძელი დანების ღამე – ან ღამე იმედისა და იდუმალ კრთომისა, როგორც ამას რომელიმე რომანტიკოსი მესვეტე უწოდებდა, მაგრამ განა ჩვენ რომანტიკოსები ვართ?
ჩვენ ქალაქელი ხალხი გახლავართ და ფეხუბრთის ყურებაში ჭირი მოგვიჭამია.
ჩვენ ძველი დროების ღამისმთევლებს ვგავართ, უცნაურ გუშაგებს – ქალაქის გალავნის კოშკურებზე რომ ფხიზლობდნენ.
აბა, ძმობილო, გაიხსენე თუ ასე არ იყო ყველაფერი სამი დღის წინათ – ფეხბურთის ღამეს.
ჩვენ ნაშუაღამევს შევიკრიბეთ – ზოგნი ლუდსა ვსვამთ, ზოგნი ჩაის – ზოგნი კი არაყსაც. და მაინც ერთნი ვართ ღამღამობით.
აგე, ციმციმებს ტელეეკრანი – „რომა“„კარლსრუეს“ შესჭიდებია. გვერდით რადიო დგას, ცალი თვალი რომაული შეჯიბრისაკენ გვიჭირავს, ცალითაც სიხშირეებს ვზომავთ.
ეჰ, მეგობარო – ეს ცხოვრება ასეა:
პორტუგალია ევროპის უკიდურესი დასავლეთია, ჩვენ უკიდურესი აღმოსავლეთი.
განა ვინმეს ძალუძს იმგვარი ღამისთევა, როგორიც თბილისელ გულშემატკივარს?
იმ დღეს ერთი ხორვატი ქომაგი შემომეყარა და მთხოვა, ბლოკნოტში ქართულად ჩამიწერე „მე დინამო მიყვარსო“ (ზაგრებელი იყო). როცა გაიგო, რომ ჩვენს კეთილ ქვეყანაში ყველაფერი სამი, ახლა კი ოთხი საათის შემდეგ მოდის, ღამურები გვიწოდა – აფერუმ თქვენს გულშემატკივრებს, ნაშუაღამევს რომ სხდებიან ევროპული ფეხბურთის საცქერლადო.
დიახაც, ვსხედვართ.
ტელევიზორი კი კვლავ სავსეა ფერებით. გრაცის „შტურმი“ „ინტერს“ ეომება, მთელი ტრაბზონი და ტყუპები „შალკეს“, პრაღის „სლავია“ ტყუილად გაგდებული სუბისარეტას „ვალენსიას“, მიონხენგლადბახი „მონაკოს“ უტევს „ლა სკალას“ დარ სტადიონზე და ეს ყველაფერი ერთ საღამოს.
საწყენი მხოლოდ ეგ არის – ყველა ყველას ეომება, ჩვენ კი არავის.
მე მეჩვენება, რომ ჩვენ მხოლოდ ღამეს ვეომებით.
ისე გამოდის, რომ ჩვენ მთავარი ომები უკვე გადახდილი გვქონია და ახლა საომარი აღარაფერთან დაგვრჩა, ღამის გარდა.
დილის ხუთ საათზე დამთავრდება ეს ყველაფერი, დაიშლება ნაშუაღამევს შეყრილი ბრიგადა, საყვირლად, საკამათოდ, სასიხარულოდ და სანერვიულოდ რომ იყო მზად და ვერაფერი რომ ვერ მოასწრო იმის გამო, რომ…
როგორც იტყვიან, „შუსტრად გაიასნდა სიტუაცია“.
ექვს საათამდე ვერ დაიძინებ და ათზე კი სახლიდან გახვალ.
რისთვის?
ფეხბურთისთვის! თუნდ ცარიელი ღამისთვის.
არასოდეს დამავიწყდება ერთი გულშემატკივარი, ჩემს შორიახლოს რომ იჯდა საქართველო – მოლდოვას მატჩზე. შეძლებული კაცი არ ჩანდა, უფრო მეტიც, გარეგნული იერით ხელმოკლე ეთქმოდა. იმ არეულ, ტყვიის კაკანით მდიდარ, სხვაფრივ კი ღატაკ წელიწადს მაინც მოეხერხებინა და ხუთი-ექვსი წლის ვაჟიშვილი მოეყვანა სტადიონზე. აშკარად ეტყობოდა, რომ შვილი დღესასწაულზე მოეყვანა – პირველ ოფიციალურ შეხვედრაზე და ასეც იყო: დღესასწაულს ველოდით.
ბავშვმა ვერ გაიგო, რატომ ვაგებდით და გამუდმებით კითხულობდა: „ვერ გავიტანეთ, მამა? ისინი იგებენ, მამა? ჩვენ ვაგებთ, მამა?“ კაცი კი დუმდა – შემცბარი იყო, პატარა ბიჭისთვის მოწყობილი დღესასწაული თვალსა და ხელს შუა უქრებოდა და რას იტყოდა.
სტადიონზე შეწუხებული სახეების მეტი რა მინახავს – მაგრამ ასეთი გულისგულამდე შეძრული და იმედგაცრუებული – არასოდეს.
ასეა, ფეხბურთი უცნაურად გადაეჭდობა ხოლმე ყოფას.
და გამოდგება, რომ მასზე უფრო ბევრი რამ ჰკიდია, ვიდრე ერთ ვინმე დაღლარა კაცს ჰგონია.
სხვა რა უნდა ვთქვა? გამოკვლეული ამბავია – გუნდი იგებს, შრომის ნაყოფიერება იზრდება, მშობიარობა ჩქარდება, სიმღერა უკეთესი გამოდის, ავარიები იკლებს, მკვლელობა არ ხდება.
გუნდი აგებს და… მაინც ლოზურგით დავამთავროთ:
ემანდ ძალიან არ ჩამოვრჩეთ ევროპულ დროსა!
ოთხი საათი ნამეტანია, ჩემმა მზემ.
2.11.1996