დღეს რუსულმა მედიამ ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის „რუბინიდან“ „დორტმუნდში“ შესაძლო გადასვლის თემა აიტაცა. ცხადია, ასეთი ხმები ბევრია, მაგრამ ამჯერად საქმე უფრო სერიოზულად ჩანს.
„გუნდი კვარაცხელიას პირველად არ აკვირდება, მაგრამ ამჯერად ფეხბურთელის შეძენის შესაძლებლობის დეტალურ შესწავლაზე ვსაუბრობთ. პირველ რიგში, დაგვჭირდება ფიფას ავტორიზებული აგენტი, რომელიც კლუბის მხრიდან მის რუსულ წარმომადგენელთან იმუშავებს (დღეს მამუკა ჯუღელია). მეორეც, „დორტმუნდმა“ უნდა გაყიდოს ფეხბურთელი, რომ ხვიჩა შეიძინოს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მხარეები ზამთარში გადასვლაზე შეთანხმდნენ, მაგრამ ტრანსფერზე კონსულტაციები თვეზე მეტხანს მიმდინარეობს”, – აცხადებს გერმანული კლუბის წარმომადგენელი.
ხვიჩა გერმანულ ბუნდესლიგაში გადასვლასთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმაც გააკეთა.
„კარგი ფეხბურთელები ყველაფრისთვის მზად არიან, ხვიჩა კი, ძალიან კარგი ფეხბურთელია. თუ ეს ტრანსფერი გამოვა და კვარაცხელია „დორტმუნდში“ ითამაშებს, ეს იქნება დიდებული. ჩემი აზრით, ხვიჩა საამისოდ 100 %-ით მზად არის. საქართველოში ასეთი ფეხბურთელები უკვე ბევრია. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია როგორ გააგრძელებენ კარიერას, როგორ მიუდგებიან აგენტები. ხვიჩა კარგი ადამიანია, ძალიან ყურადღებიანი ვარჯიშებზე. ახლა ის შესანიშნავ მწვრთნელთან, ჩემს მეგობარ ლეონიდ სლუცკისთან არის გუნდში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ კვარაცხელია კარგ ხელში და კარგ კლუბშია. ტალანტი კი წარმოუდგენელი აქვს. დიახ, მას უყვარს ბურთის დაჭერა, მაგრამ მას უნდა ვასწავლოთ ტაქტიკა და გავაცნოთ სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები. მას ღმერთმა უბოძა ნიჭი, მარტომ გადაწყვიტოს მატჩის ბედი“, – თქვა ვაისმა.