„ტოტენჰემ ჰოთსპურში” დაბრუნებულმა გარეთ ბეილმა მცველები გააფრთხილა, რომ ის ფეხბურთი, რაც მან ჯერჯერობით ითამაშა, მისი მწვერვალი სულაც არ არის. საუკეთესო კიდევ წინაა.

ბეილმა „სფურზისა” და ავსტრიული „ლასკის” შეხვედრაში 62 წუთი დაჰყო მოედანზე და თუ ჩვენს მიერ დართულ ვიდეოს ნახავთ, სამი უპასუხო გოლიდან ერთის გატანაში მონაწილეობაც მიიღო — მან ფრთიდან საჯარიმოში ჩააწოდა ბურთი, პანამელმა ანდრეს ანდრადემ კი… თავის კარში შეაგდო.

31 წლის უელსელი ამბობს, რომ მას ფორმის აღსადგენად ჯერ კიდევ სჭირდება დრო, მაგრამ, როგორც კი ძველებურად ათამაშდება, „ტოტენჰემს” პრემიერლიგასა და ევროლიგაში ძალიან დაეხმარება.

ბეილმა თქვა: „ახლა ჩემთვის ფაქტობრივად სეზონისწინა პერიოდია. ფორმაში შესასვლელად რამდენიმე კვირა და ცოტა მეტი სათამაშო დრო დამჭირდება. როგორც ვარჯიშებზე ასევე მატჩების დროს მაქსიმალურად უნდა დავიხარჯო და როდესაც კარგად მოვემზადები, ჩემი თამაში გახდება უფრო მწვავე და გუნდისთვისაც უფრო სასარგებლო.

კარგად ვიცი, თუ რა ძლიერი შემადგენლობაა „ტოტენჰემში”, რა ძლიერი მწვრთნელი მუშაობს აქ და ზოგადად, რა ძლიერია კლუბია ის. ჯერჯერობით ცოტა შებორკილი ვარ, მაგრამ სრულ სისწრაფეზე თამაშს მალე შევძლებ. ასეთი დიდი კლუბის სახელით მოედანზე დაბრუნება დიდ სიამოვნებას მანიჭებს”.

თუმცა, ბეილის „ტოტენჰემში” დაბრუნება ბრაზილიელი კარლოს ვინისიუსის დებიუტმა დაჩრდილა. 25 წლის თავდამსხმელმა „ლასკთან” შეხვედრაში ორი საგოლე პასი შეასრულა.

ჟოზე მოურინიუ: „გუნდით კმაყოფილი ვარ. შემადგენლობა შევცვალე, რადგან მწამს, რომ თუკი ფეხბურთელები მუხლჩაუხრელები მუშაობენ, პასუხისმგებლობის ასაღებადაც მზად არიან. ბიჭებს ვენდე და მათაც არ გამიცრუეს იმედი. ბრწყინვალედ არ გვითამაშია, მაგრამ სოლიდური, საიმედო ფეხბურთი ვაჩვენეთ”.