„ჩელსიმ” პრემიერლიგის ოცდახუთკაციან განაცხადში 38 წლის პეტრ ჩეხი დაამატა. ჩეხი კლუბის ტექნიკური დირექტორი და „ლურჯების” ყოფილი ლეგენდაა. ის დასავლეთლონდონელთა კარს 2004-2015 წლებში იცავდა. მან 494 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. და რაც ყველაზე უცნაურია, ერთი შეხედვით „ჩელსის” მეკარეები არ აკლია. ამიტომაც გაოცდნენ გულშემატკივრები. მათთვის გასაკვირია, რა აზრი აქვს უკონტრაქტო ფეხბურთელის დამატებას, რომელსაც ორი წელიწადია აღარ უთამაშია.

პეტრ ჩეხმა ფეხბურთის თამაშს თავი 2019 წლის ზაფხულში დაანება. კარიერის ბოლო ოთხი წელიწადი მან ლონდონის ჩრდილოეთით, „ჩელსის” მეტოქე „არსენალში” გაატარა, მაგრამ მას „სტემფორდ ბრიჯზე” ისე ეთაყვანებოდნენ, რომ კლუბის აღმასრულებელმა შეფმა მარინა გრანოვსკაიამ ტექნიკურ დირექტორად აიყვანა.

„ჩელსის” მიერ ამ დღეებში გავრცელებულ განცხადებაში წერია: „პეტრ ჩეხი შევიყვანეთ განაცხადში, როგორც სამარქაფო მეკარე, თავის დაზღვევის მიზნით. ეს გახლავთ ნაბიჯი, რომელსაც covid 19-ით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის გამო ვდგამთ. გუნდში ის უკონტრაქტო ფეხბურთელის პოზიციას დაიკავებს”.

ჩემპიონთა ლიგაში „სევილიასთან” შინ ნათამაშევი 0:0-ის შემდეგ, „ლურჯების” თავკაცმა ფრენკ ლემპარდმა თქვა, რომ მოხარულია, რადგან საჭიროების შემთხვევაში თავის ყოფილ თანაგუნდელს დაეყრდნობა:

„ეს ნაბიჯი თავგადასავლის გამო ნამდვილად არ გადაგვიდგამს. პიტი ერთი ხანია მეკარეებთან ერთად ვარჯიშობს, ფიზიკურად კარგ ფორმაშია და ჯერჯერობით ასაკიც არ უშლის ხელს.

თან, გუნდში ვაკანსია გვქონდა, რომელსაც covid-ის გამო ამ სეზონში მაინც აღარავინ შეავსებს და ამიტომაც გადავწყვიტეთ იქ პიტი ჩაგვეწერა. ის მზად არის ნებისმიერ წამს შეასრულოს თავისი მოვალეობა, ოღონდ მას უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში თუ მივმართავთ.

ითამაშებს თუ არა ჩეხი ამ სეზონში, ვერ გეტყვით. ეს ეპიდემიაზე იქნება დამოკიდებული. ვფიქრობ, გუნდში მისი ყოლით ახალგაზრდა მეკარეებს დავეხმარებით, რადგან პიტი თანამედროვე ფეხბურთში მსოფლიოში საუკეთესოა. ხოლო, თუ კრიზისში აღვმოჩნდებით, მასზე უკეთესს კარში ვის დავაყენებთ? მართალი გითხრათ, არ მგონია საქმე აქამდეს მივიდეს, მაგრამ განა ვინმეს ეგონა, რომ მოხდებოდა ის, რაც მსოფლიოში ბოლო 6-7 თვის განმავლობაში ხდება?”

ვერ გეტყვით რამდენად დასაჯერებელია, მაგრამ ინგლისურ გაზეთებში დაიწერა, რომ პეტრ ჩეხის გუნდში გამოჩენა „ლურჯების” ბასკ მეკარეს კეპა არისაბალაგას ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მოაქცევს. მოგეხსენებათ, კეპა ბოლოხანს უხეშად ცდება და კრიტიკის ობიექტია.

კეპას გარდა, ორიოდ თვის წინ „ჩელსიმ” „რენიდან”, 22 მილიონ გირვანქად, სენეგალელი ედუარ მენდი დაიმატა.

დასავლეთლონდონელ მეკარეთა შორისაა არგენტინელი ვილი კაბალიეროც, რომელიც… ჩეხზე 8 თვით უფროსია.