ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, 23 ოქტომბერს „მარიფილდზე“, შოტლანდიის ნაკრებთან გასამართი ტესტ-მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.
23-კაციან რაზმში ერთი დებიუტანტია – „ბორდოს“ 28 წლის მარჯვენა ბურჯი ლექსო ყაულაშვილი, რომელსაც მარცხენა ბურჯადაც შეუძლია თამაში. ის სასტარტო შემადგენლობაშია და მიხეილ ნარიაშვილს შეუწყვილდება, ხოლო კვაჭი ჯაბა ბრეგვაძეა, რომელსაც 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, ბორჯღალოსნების კვართით არ უთამაშია.
მეორე ხაზში ნოდარ ჭეიშვილი და გრიგორ ქერდიყოშვილი დადგებიან, მესამე ხაზში კი თამაშს ოთარ გიორგაძე, ბექა საღინაძე და ბექა გორგაძე იწყებენ. სასტარტო შემადგენლობაში მყოფი ბორჯღალოსნების კეპების ჯამი 209-ს შეადგენს. რვა მორაგბიდან 30-ზე მეტი კეპი მხოლოდ ორ მორაგბეს აქვს – ნარიაშვილს და ბრეგვაძეს.
უფრო მეტი, 248 კეპია ხაზის შვიდი მოთამაშის ანგარიშზე. აქედან ორს – აკაკი ტაბუცაძეს და დემე თაფლაძეს ნაკრებში მხოლოდ ორ-ორჯერ უთამაშიათ.
9-10 ნომრებზე თამაშს ნაცადი წყვილი, ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე იწყებენ. ცენტრში ბრუნდება გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და ის დემე თაფლაძეს შეუწყვილდება.
ფრთაზე გამოცდილ სანდრო თოდუასა და ახალგაზრდა ტაბუცაძეს ვიხილავთ, რომელმაც ორ თამაშში 5 ლელოს გატანა მოახერხა. ფულბეკი სოსო მათიაშვილი იქნება.
გამოცდილი და შედარებით ახალგაზრდა მორაგბეების ნაზავია მარქაფაშიც. კვაჭის პოზიციაზე შეცვლაზეა შალვა მამუკაშვილი, ხოლო გურამ გოგიჩაშვილი და გიორგი მელიქიძე ბურჯებს შეცვლიან.
2019 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთთან დებიუტის შემდეგ, მეორე სანაკრებო მატჩს ჩაატარებს მეორეხაზელი გიორგი ჯავახია, ხოლო მესამე ხაზში გამოცდილი გიორგი თხილაიშვილია.
9 ნომრის პოზიციაზე შეცვლაზეა გელა აფრასიძე, ხაზს კი გიორგი კვესელაძე და თამაზ მჭედლიძე გააძლიერებენ.
საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებების შეხვედრა საქართველოს დროით 22:30 საათზე დაიწყება.
ტრავმების გამო ბორჯღალოსნებს მომავალ მატჩში რამდენიმე ლიდერი დააკლდება – ბურჯები ბექა გიგაშვილი და ლევან ჩილაჩავა, მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე, რომელმაც რეაბილიტაცია დაასრულა და ახლახანს „ბაიონს“ შეუერთდა და მესამეხაზელი გიორგი ცუცქირიძე.
დანაკლისი აქვს შოტლანდიის ნაკრებსაც, რომელსაც მგეზავი ფინ რასელი, ფულბეკი სტიუარტ ჰოგი და მეორეხაზელი ჯონი გრეი დააკლდება. მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ამბობს, რომ ამით მოცემულობა დიდად არ იცვლება:
„რასელი და ჰოგი მსოფლიო დონის ვარსკვლავები არიან, ჩემი აზრით, საუკეთესოები თავიანთ პოზიციაზე. მათი არყოფნა ჩვენთვის კარგია, თუმცა არც შემცვლელებს აკლიათ ხარისხი და მოტივაცია, შესაბამისად, მოცემულობაც დიდად არ იცვლება. ზოგადად, შოტლანდიის ნაკრები იშვიათად ცვლის შემადგენლობას და ჩვენ კარგად ვიცით რას თამაშობენ, რა არის მათი ძლიერი მხარეები, თუმცა ამ ეტაპზე უფრო იმაზე ვარ ფოკუსირებული, ჩვენ რას გავაკეთებთ. დიდი ხნის შესვენების შემდეგ, ეს ჩვენი პირველი თამაშია და მოწინააღმდეგის ანალიზიდან გამომდინარე, უფრო მეტად ის გვაინტერესებს რას ვიზამთ დაცვასა და შეტევაში“.
ბორჯღალოსნებმა შოტლანდიასთან მატჩამდე 10-დღიანი შეკრება საფრანგეთში გაიარეს და ედინბურგში 21 ოქტომბერს ჩავიდნენ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა შოტლანდიასთან მატჩში
ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;
შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ლექსო ყაულაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. გრიგორ ქერდიყოშვილი, 6. ოთარ გიორგაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა გორგაძე.
მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. გიორგი ჯავახია, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. გელა აფრასიძე, 22. გიორგი კვესელაძე, 23. თამაზ მჭედლიძე.