ვაღიაროთ, რომ კორონავირუსის პანდემიამ ჩვენი ცხოვრება კარდინალურად შეცვალა.
ფეხბურთი უმაყურებლოდ?
სულ ორჯერ მქონდა „ბედნიერება“, უმაყურებლო ფეხბურთისთვის ტრიბუნიდან მეყურებინა. ვაღიარებ: სჯობს, მეტოქის ფანებით გადაჭედილ სტადიონზე სტუმრად ითამაშო, ვიდრე შინ, მაგრამ სიცარიელის გენიალური აკუსტიკის თანხლებით.
სპორტი სანახაობაა, რომელსაც მაყურებელი და ცოცხალი ემოცია სჭირდება. ტელეეკრანს მიღმა დარჩენილი ემოცია სათვალავში არ მიიღება. სამწუხაროდ, რეალობა ასეთია, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ყველა მოსწრებაზეა.
კლუბები სახელფასო ფონდის შემცირებას ცდილობენ, ფეხბურთელები კი ისეთ მოთხოვნებს აყენებენ, თითქოს სხვა სამყაროში ცხოვრობდნენ. თუ კლუბმა ბილეთები და ატრიბუტიკა ვერ გაყიდა, საიდან ფული?
უმაყურებლო ფეხბურთს ტელემაყურებელიც რომ ნაკლები ჰყავს, ხომ ფაქტია?
ანუ, სანახაობა და ემოცია აღარ არის, მითხოვნები კი იზრდება. ეს უკვე აღარ არის სპორტი. ეს სუფთა ბიზნესია და მოედანზეც სპორტსმენების ნაცვლად ბინესმენები დარბიან, რომლებსაც მოედნის მიღმა ერთი ბატალიონი ელოდება – აგენტები, მენეჯერები, ფინანსური კონსულტანტები, პირადი მცველები, ფიტნეს-მწვრთნელები და კულინარები…
ბავშვობაში წაკითხული მახსოვს: ბრაზილიის ნაკრები სასტუმროში დააბინავეს. მანე გარინჩამ ფანჯრიდან დაინახა, რომ მოპირდაპირე მხარეს გვერდიგვერდ მდებარე ორი ბარიდან ერთი გადაჭედილი იყო, მეორეში კი არავინ შედიოდა. ჩავიდა და იმ მეორე ბარში შეაბიჯა. ჩამოჯდა, ლუდი დაუკვეთა, ყლუპი მოწრუპა და სასტუმროში დაბრუნდა. ბარის პატრონმა სკამი წამში კედელზე მიაჭედა და დააწერა: „აქ იჯდა გარინჩა“. ბარი წამში გაივსო კლიენტებით. მერე ნაკრების მენეჯერმა ჰკითხა:
– მანე, ასე ძალიან გინდოდა ლუდი?
– არა, მაგრამ ასე ხომ უფრო სამართლიანია?
მაშინ ფეხბურთი მხოლოდ სპორტი იყო და მანემ სიღატაკეში დაასრულა ცხოვრება…
Neymar is the new Garrincha – Aurie's Thoughts