პოლ პოგბა არ მალავს, რომ „რეალში” თამაშზე ოცნებობს, რადგან „რეალი” მისი ოცნების გუნდია. ამასთან ერთად ფრანგი ამბობს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში” თავს შესანიშნავად გრძნობს. ეწყინებათ თუ არა მანჩესტერელ ფანებს მისი ეს განცხადება, ამაზე მსოფლიოს ჩემპიონს ალბათ ბევრი არ უფიქრია.
მოგეხსენებათ, ევროპაში სატრანსფერო ბაზარი ამ კვირის დასაწყისში დაიხურა.
27 წლის ფეხბურთელმა თავის საკლუბო ბედ-იღბალზე საფრანგეთის ნაკრების ბანაკში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ილაპარაკა.
„მე „მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელი ვარ. ვიცი, ჩემი „ოლდ ტრეფორდიდან” წასვლაზე ბევრი თქმულა და ისიც ვიცი, რომ მე თავად ამ თემაზე არ მილაპარაკია. ბევრჯერ მსმენია, რომ წასვლას ვაპირებ და უამრავი კლუბი დაუსახელებიათ, სადაც თითქოსდა მივდივარ, ხან მარჯვნივ და ხანაც მარცხნივ.
ერთი რამ ვიცი, მე ჯერჯერობით „მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელი ვარ და ცდას არ ვაკლებ, რომ ეს კლუბი უფრო ძლიერი გავხადო.
და რა ვუპასუხო იმ ჭორებს, რომლებიც ჩემს გარშემო ტრიალებს?
რასაკვირველია, ყველა ფეხბურთელს უნდა „რეალში” თამაში. „რეალი” ოცნებაა, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის. მაშ, ერთ მშვენიერ დღეს რატომ უნდა ვთქვა უარი მადრიდში გადასვლაზე?
მაგრამ, მანამდე „მანჩესტერ იუნაიტედში” ვარ და აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ. მომწონს ეს კლუბი და თანაგუნდელებთან ჩინებული ურთიერთობა მაქვს”.