საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა შეძლო: არა შეუძლებელი, მაგრამ ძნელი. უეფას ერთა ლიგის D-ჯგუფის პლეი-ოფის ნახევარფინალში არ ყოფილა ეპიზოდები, რომლებიც ისტორიას გასწვდება, მაგრამ ესთეტიკას და სილამაზეს დღეს ბელარუსთან დღეის თამაშში ბოლო ადგილი ეჭირა. ნერვული 96 წუთის შემდეგ შედეგი დადგა, რომელმაც საქართველო დასკვნით რაუნდში გაიყვანა.
ეს იყო ძნელი 1:0, მოპოვებული დიდი გარჯით და პრაგმატული მიდგომით. სწრაფად გატანილი პირველი გოლის შემდეგ ქართველები თავქუდმოგლეჯით წინ არ გაიქცნენ და მატჩის რამდენიმე სქელ მონაკვეთში მეორე ნომრად თამაშიც არ ითაკილეს. თვალშისაცემი გახლდათ გუნდურობის მაღალი დონე, რომელმაც დასაწევად მომართულ ბელარუსს საათნახევრის მანძილზე ქართველთა კართან ერთი ასპროცენტიანი მომენტიც კი ვერ შეაქმნევინა. არადა ქომაგი მიეჩვია მთელი მატჩის მანძილზე გულის ხელით ჭერას, იმის მოლოდინში, ქართველთა მწყობრში ბზარი როდის გაჩნდება და გოლს როდის მივიღებთ, პირველი თუ მეორე ტაიმის ბოლოს.
ნაკრებში ჭიპმოჭრილნი თუ ახალგაზრდები, რომელთა გვარებსაც არ ჩამოვთვლით, დღეს სანაქებონი იყვნენ, თამაშობდნენ ჟინიანად და არც ყვითელი ბარათების მიღებას დარიდებიან საჭიროებისას.
ეს ის ფეხბურთია, რომელიც ქომაგს აკლია და ენატრება. ეს ის ფეხბურთია, რომელიც ზეიმის საბაბს გვაძლევს და აკი ჯერაც არ დასრულებულა მაშხალების ფეთქვა ეროვნული სტადიონის მიმდებარედ. ერთი დიდი ბრძოლაც და ხმაური თბილისის ქუჩებში თქვენ მერე ნახეთ. რომელი ბალკანელიც (კოსოვო, ჩრდილოეთ მაკედონია) არ უნდა გვერგოს ფინალის მეტოქედ, გამარჯვება ციდან მოსაწყვეტი უკვე აღარ ჩანს, აქვეა, ხელის გაწოდებაზე. უნდა გავძლოთ და გავიტანოთ.