საქართველოს ნაკრებმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბოლო წამამდე გვენერვიულა. არადა, ყველაფერი ფაქტობრივად მატჩის დასაწყისშივე უნდა დასრულებულიყო.
წარმოიდგინეთ: მე-15 წუთზე სამი ქართველი შემტევი ორი ბელარუსის მცველის პირისპირ. ეს დანამდვილებით იყო ის შემთხვევა, როდესაც ასეთი მომენტის გაფუჭებას გაუკუღმართებული ფანტაზია სჭირდება…
პირდაპირ ვთქვათ, რომ ამ მატჩში საქართველოს 3-4 გოლიც რომ გაეტანა, ვერავის მოუბრუნდებოდა ენა, შედეგი ძალთა ბალანსს არ ასახავსო. გულწრფელად ვთქვათ: ბელარუსებისგან ასეთ სუსტ თამაშს არ ველოდით.
და როცა ვამბობთ, ბოლო წამამდე სანერვიულოდ გვქონდა საქმე თქო, „ბურთი მრგვალია“ პრინციპს ვგულისხმობთ და არა იმას, რომ ბელარუსებიგან რაიმე რეალური ხიფათი მოგველოდა. მაგრამ საქართველოს ნაკრებმა არა ერთი ჩინებული გაფუჭებული მომენტის მიუხედავად გაიმარჯვა და ამისთვის ჩვენგან გულითადი მადლობა ეკუთვნის!
ასე ახლოს საქართველო არასდროს ყოფილა ევროპის ჩემპიონატთან და სადაც სამართალია, ერთი მადლობა უეფასაც ეკუთვნის, ზუსტად საჩვენო ფორმატის მოფიქრებისთვის.
ეიფორიის დრო კი არ არის! მოვიგეთ, გაგვიხარდა, მაგრამ უკვე დილიდან ნაკრებს სრული მობილიზაცია სჭირდება. ერთი მატჩიც და…
საქართველოში ჯერ არნახული სიხარული დატრიალდება!