NBA-ს მეჩვიდმეტედ ჩემპიონობამდე „ლოს-ანჯელეს ლეიკერსს“ ერთი მოგება აშორებს და თუ იპირველებს ამ მაჩვენებლით აქამდე რეკორდსმენ „ბოსტონ სელტიკსს“ გაუთანაბრდება.
ლებრონ ჯეიმსმა და კომპანიამ სუპერფინალური სერიის მეოთხე შეხვედრაში „მაიამი ჰიტი“ 102:96 დაამარცხა. გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წამებზე გაირკვა. გადამწყვეტი მეოთხედის წინ „ლეიკერსი“ 5 ქულით იგებდა, მაგრამ საფინალო სირენამდე 6 წუთით ადრე „მაიამიმ“ ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილ დროში ლოს-ანჯელესელებმა მეტოქეზე უკეთ ითამაშეს და ლებრონ ჯეიმსის, კენტავიუს კალდუელ-პოუპის, რაჟონ რონდოსა და ენტონი დევისის ქულებით მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.
„ლეიკერსს“ რომ ჯეიმსი ულიდერებდა რთული გამოსაცნობი არ არის. „მეფეს“ აქტივში 28 ქულა, 12 მოხსნა, 8 პასი ჰქონდა. ლებრონმა ელჯინ ბეილორის რეკორდი დაამხო და სუპერფინალში მინიმუმ 25 ქულა და 10 მოხსნა კარიერაში 24-ედ მიითვალა. აღსანიშნავია ისიც, რომ ფლეი ოფის ერთ გათამაშებაში ჯეიმსმა მინიმუმ 500 ქულა კარიერაში მეცხრედ ჩააგდო და ამ შედეგით მაიკლ ჯორდანის მიღწევა გააუმჯობესა, რომელიც აქამდე პირველ ადგილს იკავებდა.