No description available. ფეისბუქზე არსებობს ჩვენი სიამაყის, ვიტალი დარასელიას გვერდი, რომელსაც მისი ქალიშვილი კრისტინა უძღვება. ჰოდა, ამ რამდენიმე დღის წინ გვერდმა, ანუ კრისტინამ ერთობ მოულოდნელი შინაარსის შეტყობინება მიიღო.

ვინმე ანიბალ მარტინესმა გამოგზავნა ვიტალი დარასელიას მსოფლიო 1982 წლის ჩემპიონატის დროინდელი სათამაშო მაისურის ფოტოსურათი და აი, რა ისტორია მოაყოლა.

მოგეხსენებათ, იმ დაუვიწყარი ტურნირის თავის პირველ მატჩში საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ზე-გუნდად მიჩნეულ ბრაზილიას უშეღავათო ბრძოლა გაუმართა და 1:2 დამარცხდა. იმ შეხვედრაში სსრკ-ს ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში ერთბაშად 4 ქართველი ფეხბურთელი იყო: თენგიზ სულაქველიძე, გუნდის კაპიტანი ალექსანდრე ჩივაძე, რამაზ შენგელია და ვიტალი დარასელია, რომელმაც თამაშის დასრულების შემდეგ თავისი 13-ნომრიანი მაისურა ბრაზილიელთა ერთერთ ლოდერსა და საბოლოოდ ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრილ ჟუნიორს გაუცვალა.

No description available.Vitali Daraselia Cemetery - Jukmuriჰოდა, ამ ჩვენმა კეთილმა ესპანელმა კაცმა კრისტინა დარასელიას ამცნო, რომ გაისად მადრიდის გულში, უბანში პუერტა დელ სოლზე (მზის კარიბჭე) გაიხსნება მსოფლიო ფეხბურთის ისტორიის მუზეუმი, რომლის ექსპონატებს შორის იქნება ვიტალის ხსენებული მაისურაც. აღმოჩნდა, რომ ჟუნიორი მთელი ეს 38 წელი ვიტალის მაისურას ინახავდა და მუზეუმმა ეს რარიტეტი პირადად 66 წლის ბრაზილიელისგან შეიძინა.

აქვე სენიორ მარტინესმა კრისტინას ჟუნიორის მაისურის გაყიდვა შესთავაზა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ტრაგიკულად დაღუპული ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის ოჯახში ამ მაისურასა და თვით ამ გაცვლის შესახებ საერთოდ არაფერი სმენიათ.

„სიამოვნებით გადავცემდი მუზეუმს ამ ექსპონატს, მაგრამ ჟუნიორის მაისურა ოჯახში არასდროს გვქონია და ზოგადად ამ ისტორიის შესახებ ახლა პირველად გავიგეთ. ალბათ მამამ მალევე აჩუქა ვინმეს, ან საერთოდ ვერ ჩამოიტანა ესპანეთიდან,“ – გვითხრა კრისტინამ.

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ პუერტა დელ სოლის მუზეუმის ექსპონატებს შორის იქნება ვიტალი დარასელიას 13-ნომრიანი მაისურაც.

 

ვიტალი დარასელია — ქართული ფეხბურთის ლეგენდა