სადიო მანეს კორონავირუსი დაუდგინდა და კვირას, ბირმინგემში, „ასტონ ვილასთან” ვერ ითამაშებს.
28 წლის სენეგალელი შეუერთდა ახალ თანაგუნდელს, ამ ზაფხულს „ბაიერნისგან” ნაყიდ ტიაგო ალკანტარას, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ასევე დაუდასტურდა covid 19. გაესპანელებულმა ბრაზილიელმა 1 ოქტომბერს გამოტოვა შეხვედრა „კარაბაოს თასზე”, რომელიც „ლივერპულმა” „არსენალთან” პენალტებით წააგო.
მერსისაიდულმა კლუბმა დაადასტურა, რომ მანეს დაავადების მცირე სიმპტომები შეენიშნება, თუმცა ზოგადად თავს კარგად გრძნობს.
თავად სენეგალელმა, რომელსაც „ასტონ ვილასთან” თამაშის შემდეგ თვითიზოლაცია სანაკრებო წყვეტის დროს უწევს, სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ კარგად არის. დაავადება სერიოზულ სიმპტომებს არ ავლენსო, დაწერა მანემ.
„დავბრუნდები უფრო ძლიერი, ვიდრე დაავადებამდე ვიყავი. ჩვენ ყველაფერს ერთად დავამარცხებთ!” — ამბობს „ლივერპულის” ფორვარდი.
მერსისაიდი ეპიდემიის გავრცელების თვალსაზრისით ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რეგიონია. აქ, წინა კვირას 577 ადამიანი დაავადდა, ამ კვირაში კი 1306 შემთხვევა იყო.
ამბობენ, რომ ლივერპული შეიძლება გახდეს პირველი ინგლისური ქალაქი, რომელიც ხელმეორედ ჩაიკეტება და მკაცრ რეგულაციებს დაემორჩილება.
ხვალ კი, „ვილა პარკზე”, სადიო მანეს სავარაუდოდ დიოგო ჯოტა შეცვლის.
აღსანიშნავია, რომ ტიაგო ალკანტარამ 28 სექტემბერს „არსენალთან” 3:1 მოგებული შეხვედრაც გამოტოვა. ეს იყო პრემიერლიგის კალენდარული მატჩი, რომელიც ყოფილმა ბავარიელმა „წითლების” მწვრთნელის იურგენ კლოპის გარდა კაცმა არ იცის რატომ გააცდინა. მაშინ კლოპმა თქვა, რომ ნახევარმცველს სანაკრებო წყვეტის შემდეგ ათამაშებდა.
„გარწმუნებთ, ის სანაკრებო პაუზის შემდეგ ათამაშებდა. ამჟამად ტიაგო ფიზიკურად არ არის მზად და სულ ესაა”, — თქვა მაშინ გერმანელმა.