კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის გზები კვლავ გადაიკვეთა. მსოფლიოს ორი უდიდესი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის წილისყრამ ისევ შეახვედრა ერთმანეთს — „იუვენტუსი” და „ბარსელონა” G ჯგუფში ერთად მოხვდნენ. მათთან არიან კიევის „დინამო” და უნგრული „ფერენცვაროში”.

ინგლისური პრესა კი ყურადღებას სხვა ჯგუფზე ამახვილებს. მისთვის, წილისყრის მთავარი თემა „სიკვდილის H ჯგუფია”, რომელშიც მათი „მანჩესტერ იუნაიტედი” „პარი სენ ჟერმენთან” და „ლაიპციგთან” ერთად მოხვდა.

ნეიმარისა და კილიან მბაპეს წინააღმდეგ თამაშის გარდა ოლე გუნარ სულშერის ბიჭებს ფლეი-ოფში გასასვლელად ბოლოხანს დიდად გაყოჩაღებულ „ლაიპციგთან” მოუწევთ დიდი ბრძოლების გადატანა.

ჯგუფის მეოთხე გუნდი თურქეთის ჩემპიონი „ისთანბულ ბაშაქშეჰირია”.

„ჩელსის” კი ინგლისელი ჟურნალისტების აზრით ერთ-ერთი ყველაზე იოლი ჯგუფი ერგო. ჯგუფში, რომელიც ლათინური ასო E-თი აღინიშნება, „ლურჯების” ყველაზე დიდი კონკურენტი „სევილიაა”, ხოლო რუსული „კრასნოდარი” და ფრანგული „რენი” მათი აზრით დიდს არაფერს წარმოადგენენ.

ჩემპიონთა ლიგის 2019 წლის გამარჯვებული „ლივერპული” D ჯგუფში „აიაქსთან” გაარკვევს ურთიერთობას. ამავე ჯგუფშია „ატალანტა” და დანიური „მიდტიულანდი”, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ორომტრიალში პირველადაა.

„მანჩესტერ სიტი”, რომელსაც არაბი მეპატრონეები ენითაუწერელი რაოდენობის ფულს ახარჯავენ რამენაირად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულთა მარაქაში რომ გარიონ, C ჯგუფში „პორტუსთან”, „ოლიმპიაკოსთან” და „მარსელთან” ერთად მოხვდა.

ჩემპიონთა ლიგისა და თასის უდიადესი კლუბი „რეალი” „ინტერთან”, „შახტართან” და „მიონხენგლადბახთან” ერთად მოხვდა B ჯგუფში.

F ჯგუფში არიან „დორტმუნდი”, „ლაციო”, „ზენიტი” და ბრუიგე”.

და ბოლოს, A ჯგუფში თავი მოიყარეს მოქმედმა გამარჯვებულმა „ბაიერნმა”, ლუის სუარესით გაძლიერებულმა „ატლეტიკომ”, „ზალცბურგმა” და მოსკოვის „ლოკომოტივმა”.