„ბეტისისა” და „რეალის” შეხვედრის პირველ ტაიმში სერხიო რამოსმა ისეთი გოლი ვერ გაიტანა, ხალხი რომ ამბობს მანდედან აცილება უფრო ძნელი იყოო; სამაგიეროდ, „ლოს ბლანკოსის” კაპიტანმა 82-ე წუთზე პანენკასეული დარტყმით შეაგდო პენალტი და გუნდს სტუმრად 3:2 გამარჯვება მოუტანა.
უნდა ითქვას, რომ თავად პენალტი, რომელიც მარკ ბარტრას მიერ წესის დარღვევის გამო დაინიშნა, ფრიად საეჭვო გახლდათ. და კიდევ ერთი, ამ დროისთვის სევილიელები მოედანზე უკვე უმცირესობაში იყვნენ.
აღსანიშნავია თამაშის მიმდინარეობაც: ანგარიში მადრიდელმა ფედე ვალვერდემ გახსნა, მაგრამ აისა მანდისა და ვილიამ კარვალიუს გოლებით პირველი ტაიმი „ბეტისმა” მოიგო.
პირველი ტაიმის კიდევ ერთი ჰაილაითი გახლდათ ტიბო კურტუას ბრწყინვალე თამაში, როდესაც მან პაბლო სარაბიას ახლოდან თავით დარტყმული ბურთი აუღო.
შესვენების შემდეგ, ემერსონის ავტოგოლით (თუმცა, ქარიმ ბენზემა ბურთს კარში ალბათ მაინც შეაგდებდა) ანგარიში გათანაბრდა, შემდეგ კი უიღბლო ემერსონს „ბოლო იმედის ჯარიმის” გამო საერთოდაც დაატოვებინეს მოედანი — მას ლუკა იოვიჩი რომ არ წაექცია, სერბი მეტისმეტად ხელსაყრელი პოზიციიდან მეკარესთან პირისპირ შედიოდა.
ბოლოს კი გახლდათ ეპიზოდი, რომელიც შეგიძლიათ ქვემოთ, ვიდეოჩანაწერში ნახოთ და განსაჯოთ.
ესპანეთის ჩემპიონისთვის, რომელსაც ედენ აზარი არ ჰყავდა, პირველ ტურში „რეალ სოსიედადთან” ნათამაშევი 0:0-ის შემდეგ ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო.