„ვესტ ბრომვიჩის” ფანები აღშფოთდნენ, რისი მიზეზიც „ჩელსის” ბოლო გოლის წინ, კაი ჰავერცის ხელით თამაში იყო. ეს გოლი ტამი აბრაჰამმა მსაჯის მესამე წამატებულ წუთზე გაიტანა. შედეგად, თამაში 3:3 დამთავრდა.
ფრენკ ლემპარდის გუნდი პირველ ტაიმში არაფრად ვარგოდა და 0:3 წააგო, შესვენების შემდეგ კი ინიციატივა იგდო ხელთ და სამი გოლი შეაგდო.
ინგლისური პრესა წერს, რომ დასავლეთლონდონელთა ასეთ გადასხვაფერებას წინ, შესვენებისას, გასახდელში მწვრთნელის ღრიალი უძღოდა. მოგეხსენებათ, მწვრთნელის ღრიალს ინგლისში ფენს თუ თმის საშრობს, მოკლედ თმის ყალყზე დასაყენებელს ეძახიან. და სწორედ, ლემპარდის მიერ ყალყზე დაყენებული თმით გავიდნენ „ლურჯები” შესვენების შემდეგ მოედანზე, როდესაც სამი გაშვებული გოლის პასუხად ამდენივე გაიტანეს.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ათი წუთი იყო გასული, როდესაც მეისონ მაუნტმა ანგარიში ერთით შეამცირა. მატჩის დამთავრებამდე 20 წუთით ადრე კალუმ ჰადსონ-ოდოიმ მაუნტის გოლს მეორეც მიაყოლა, მაგრამ ხმაური მესამე გოლმა გამოიწვია. ეპიზოდი ასეთი იყო: აბრაჰამმა ბურთი კარში მას მერე შეაგდო, რაც სემ ჯონსტონმა მაუნტის დარტყმული მოიგერია, მაგრამ ვიდეოჩანაწერში გამოჩნდა, რომ წამით ადრე, კაი ჰავერცმა, რომელიც „ჩელსის” ამ ზაფხულს 70 მილიონი გირვანქა დაუჯდა, საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი მკლავით მიიღო.
ეს ეპიზოდი შეგიძლიათ ჩვენს ვიდეოდანართში ნახოთ და თავად განსაჯოთ. ჩვენი მხრივ გეტყვით, რომ მომენტი VAR-მაც განიხილა და დაასკვნა, რომ გოლი უშუალოდ ჰავერცის „ხელბურთს” არ მოჰყოლია.
მატჩის შემდეგ, „ვესტ ბრომვიჩის” მწვრთნელმა სლავენ ბილიჩმა თქვა: „ძნელია მშვიდად მივიღო მეტოქის მესამე გოლი, რადგან მათმა ფეხბურთელმა აშკარად ხელით ითამაშა. ამ თემაზე მეტი ლაპარაკი არ მინდა, ვინაიდან აქ ვერ იტყვი სიტყვებს „ალბათ” და „სავარაუდოდ”. ხელით თამაში იყო და მორჩა! ამით ეპიზოდის განხილვა დამთავრებულია! ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება ვინმეს ენა მოუბრუნდეს და თქვას, რომ ჰავერცმა ხელით არ ითამაშა.
ვამაყობ ჩემი ბიჭებით, რომლებიც ახლა, სანამ მე პრეს-კონფერენციაზე ვზივარ, ალბათ, გასახდელში აღშფოთებას გამოხატავენ. ისინი გრძნობენ, რომ მათ სამი ქულა ეკუთვნოდათ, მაგრამ წაართვეს”.