ლეო მესის ნეიმარი, დანი ალვეში და სამუელ ეტო’ო შეუერთდნენ — ისე მოქცევა, თქვენ რომ ლუის სუარესს მოექეცით, არ შეიძლებაო, უკიჟინებენ ისინი „ბარსელონას”.

„ბლაუგრანას” ლეგენდებმა თავიანთი აღშფოთება გამოხატეს იმის გამო, რომ გუნდის ახალმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა 33 წლის ურუგვაელი ცივად დაითხოვა, კლუბმა კი ის კონკურენტ „ატლეტიკოს” 6 მილიონ ევროდ მიჰყიდა.

მეგობრის გაგდების გამო მესიმ „ბარსელონას” გასაგონად ინსტაგრამზე გრძელი და ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, წყვილის ყოფილმა თანაგუნდელმა და პარტნიორმა ნეიმარმა კი ამ პოსტს ასეთი კომენტარი გაუკეთა: „გასაკვირია, როგორ აგვარებენ ისინი საქმეებს”.

თავიანთი კომენტარები ზემოთ ნახსენებმა სხვა ვარსკვლავებმაც არგენტინელის პოსტს მიაწერეს. ლეგენდარულმა მარჯვენა მცველმა დანი ალვეშმა, რომელიც 37 წლისაა და „სან პაულუში” ისევ გამოდის, თქვა:

„სამწუხაროდ, რეალობა უკვე დიდი ხანია ასეთია. წლიდან წლამდე ჩვენ უბრალოდ სულ უფრო ვრწმუნდებით ამაში.

ყველამ ვიცით, რომ მთავარი გამარჯვება და დამარცხება კი არა, ადამიანის პატივისცემაა, მაგრამ ამაზე მათ წარმოდგენა არ აქვთ”.

39 წლის კამერუნელი სამუელ ეტო’ო, კი რომელიც „ბარსელონაში” 2004-09 წლებში თამაშობდა, კოლეგებს რაღაცნაირი ქარაგმით უერთდება: „შვილო, დახვეწილობას ვერ იყიდი. თავს მოუარე და დაფიქრდი ამაზე”.

მესიმ თავის პოსტში, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, სუარესს მიმართა:

„შენ იმსახურებდი ქებას იმისთვის, რასაც წარმოადგენდი. შენ იყავი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, რომელმაც როგორც გუნდთან ერთად ასევე ინდივიდუალურად უმნიშვნელოვანეს წარმატებებს მიაღწიე.

და შენ არ იმსახურებდი გაგდებას, მათ კი გაგაგდეს. თუმცა, დღეს მე დღეს აღარაფერი მაკვირვებს, რაც სამწუხარო სიმართლეა”.

2014 წლის მერე, როდესაც სუარესი „ლივერპულიდან” „ბარსელონაში” გადავიდა, ის და მესი გამორჩევით დამეგობრდნენ. ახლო ურთიერთობა გააბეს მათმა მეუღლეებმაც.

2014-17 წლებში მესიმ, სუარესმა და ნეიმარმა მოედანზე ერთმანეთს შესანიშნავად გაუგეს და პრესაში მათ მრისხანე ტრიოს MSN შეარქვეს. დღეს, ამ სამეულიდან „ბარსელონაში” მხოლოდ მესი დარჩა.

სუარესი, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, „ატლეტიკოში” გადავიდა, სადაც მას 60%-ით ნაკლებ ხელფასს გადაუხდიან.