„ბარსელონაში” თავისი მე-17 სეზონის წინ ლეო მესი ოთხ ახალ რეკორდს უმიზნებს. არადა, სულ ცოტა ხნის წინ ისე ჩანდა, თითქოს არგენტინელმა „ბლაუგრანას” შემადგენლობაში თავისი ბოლო მატჩი უკვე ჩაატარა.

კვირას „ბარსა” „ვილიარეალთან” მატჩით ახალ სეზონს იწყებს. შესაბამისად, ჩვეულ, „წლობით ნაცვამ” მაისურში ახალ სეზონს იწყებს მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელიც. კატალონიურმა გაზეთმა „სპორტმა” ამ ამბავს მთელი პირველი გვერდი და იმ ოთხი რეკორდის ჩამონათვალი მიუძღვნა, რომელთა დამხობასაც „ბარსას” ლიდერი ამ სეზონში შეეცდება.

პირველი რეკორდი დასამყარებლად ყველაზე იოლია — კვირას, „ვილიარეალთან” შეხვედრაში, შეადგამს თუ არა მესი მინდორზე ფეხს, დააფიქსირებს, რომ მან „ბარსას” შემადგენლობაში 17 სეზონში მიიღო მონაწილეობა. აქამდე „ბლაუგრანაში” ამდენ ხანს მხოლოდ ჩავისა კარლეს რეშაკს ჰქონდათ ნათამაშევი. ცნობისათვის, კარლეს რეშაკი 1960-70-იანი წლების ის ფეხბურთელი გახლავთ, რომელსაც საბჭოთა პრესის წყალობით შეცდომით კარლეს რექსაჩად ვიცნობდით.

რეშაკმა, რომელიც დღეს 73 წლისაა, 1964-1981 წლებში ლა ლიგა მხოლოდ ერთხელ მოიგო, 40 წლის ჩავიმ კი 1998-2015 წლებში ჯამში 25 ჯილდო მოიპოვა.

ცნობილია, რომ მესი ერთი კლუბის კაცია და ამ კლუბის ისტორიაში ის უკვე გახლავთ ლა ლიგის, ჩემპიონთა ლიგისა და ელ კლასიკოს საუკეთესო ბომბარდირი. აი, ესპანეთის „სამეფო თასზე” კი არგენტინელს ყველაზე მეტი გოლი არ აქვს გატანილი — მისი მონაგარი 53 შედეგიანი დარტყმაა ანუ ჟოზეპ სამიტიერის (1919-1932) რეკორდამდე 13 გოლი აკლია.

კიდევ, ახალ სეზონში ლეო მესი შეიძლება გახდეს „ბარსას” მაისურით ყველაზე მეტი თამაშის მონაწილე. ჯერჯერობით, რეკორდსმენი არის ჩავი, რომელმაც 767 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მესის ჩავიმდე 36 შეხვედრა აკლია და თუ სეზონს სრულად ჩაატარებს, ყოფილი პარტნიორის შედეგს ჯერ გაიმეორებს, ხოლო შემდეგ მოხსნის კიდეც — მარტო ესპანეთის ჩემპიონატში ხომ 38 ტური ტარდება.

„ბარსელონას” კაპიტანი ჯერჯერობით ერთ კლუბში მოპოვებული ტიტულების რაოდენობითაც არ არის პირველი. სადღეისოდ ყველას რაიან გიგზი უსწრებს, რომელმაც „მანჩესტერ იუნაიტედში” 36 ტროფი მოიგო. მესის შედეგია 34.

და აი, ბოლოს  პელესაც მივადექით. „ფეხბურთის მეფეს” „სანტოსის” შემადგენლობაში 643 გოლი აქვს გატანილი. „უცხოპლანეტელი” „ბარსაში” ჯერჯერობით 634 გოლზეა გაჩერებული.