„ვესტ ჰემმა” დაადასტურა, რომ მწვრთნელ დევიდ მოიესს კორონავირუსი სჭირს. გუშინ, „ჩაქუჩებმა” „კარაბაოს თასზე” „ჰალს” მოუგეს 5:1. ამ შეხვედრის წინ აღებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ covid 19 შეჰყრიათ ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეებს ისა დიოპსა და ჯოშ კალენსაც.
მაშ, რატომ ჩატარდა თამაში? იმიტომ, რომ ანალიზის პასუხები მის დაწყებამდე მხოლოდ და მხოლოდ ერთი საათით ადრე მოვიდა.
სამეულიდან სიმპტომები არც ერთს არ ჰქონდა, მაგრამ 57 წლის მოიესი, 23 წლის დიოპი და 24 წლის კალენი შინ გაემგზავრნენ. „ჰალ სიტის” იქვე შესთავაზეს საგანგებო ტესტირება, მაგრამ კლუბმა უარი თქვა.
დიოპი და კალენი მოიესს ძირითად შემადგენლობაში ჰყავდა დასახელებული და როდესაც ტესტირების პასუხები მოვიდა, შემადგენლობის გადასხვაფერება გახდა საჭირო. დიოპისა და კალენის ნაცვლად ითამაშეს ჰარისონ ეშბიმ და ჯეკ უილშერმა.
საინტერესოა, რომ მოიესი გახლდათ ერთ-ერთი პირველი პრემიერლიგელი, რომელსაც ეშინოდა, რომ კორონავირუსი სჭირდა. ეს ჯერ კიდევ მარტის ამბავს მოგახსენებთ, როდესაც მან „არსენალის” თავკაც მიკელ არტეტას ჩამოართვა ხელი, ცოტა ხანში კი არტეტას covid 19 დაუდასტურდა.
სწორედ ესპანელის ავადმყოფობის შემდეგ გადაწყვიტეს პრემიერლიგის შეფებმა, შეეჩერებინათ ჩემპიონატი.
„კარაბაოს თასის” მიმდინარე გათამაშებაში, გადაიდო „ლეიტონ ორიენტისა” და „ტოტენჰემ ჰოთსპურის” მატჩიც. „ლეიტონ” ორიენტის მთელი გუნდი დაავადებული აღმოჩნდა.
როდის ჩატარდება ეს შეხვედრა, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.