მესი? არგენტინელის დამატება, რასაკვირველია, დიდებული იქნებოდა, მაგრამ „მანჩესტერ სიტის” სეზონის პირველ შეხვედრაში არაფერი ეტყობოდა, რომ მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელი ვერ იყიდა და ამის გამო თამაშის ხარისხი ჩაუვარდა. და „ქალაქელთა” აღმაფრენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახლდათ ფილ ფოდენი, რომელიც მესის „ეტიჰედზე” გადასვლის შემთხვევაში სათადარიგო გახდებოდა.

20 წლის ფეხბურთელმა გულშემატკივარს დაავიწყა ის სკანდალი, რომელშიც ინგლისის ნაკრებთან ერთად შეკრებაზე ყოფნის დროს ამოჰყო თავი. მან ისლანდიაში ყველა შესაძლო რეჟიმი დაარღვია, არც გუნდის შინაგანაწესს დაემორჩილა, არც კორონოვირუსთან დაკავშირებულ რეგულაციებს და სასტუმროში ქალები აიყვანა.

ფოდენმა ვულვერჰემპტონში, 32-ე წუთზე, მეორე გოლი შეაგდო. მანამდე, მეოცეზე კევინ დე ბრუინმა პენალტით გახსნა ანგარიში.

მეორე ტაიმში სტუმრებს ისე აღარ ულხინდათ, როგორც პირველში. მათ გამოფხიზლებული „ვულვზის” ზეწოლის გადატანა დასჭირდათ. 78-ე წუთზე რაულ ხიმენესმა თავური დარტყმით შეამცირა კიდეც სხვაობა, მაგრამ მსაჯის წამატებულ წუთებზე გაბრიელ ჟესუსმა მაინც შეაგდო მესამე.

„სიტის” ასეთმა გამარჯვებამ უეჭველად გაახარა მანჩესტერელთა კატალონიელი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა, რომლის გუნდს მისი ხელწერა ეტყობოდა და ალბათ იმედიც ჩაესახა, რომ შარშანდელისგან განსხვავებით წლეულს „ლივერპულს” ან ნებისმიერ სხვა მეტოქეს დიდი უპირატესობით წინ აღარ გაუშვებს.

ინგლისური პრესა წერს, რომ ახლა მთავარია ის ფეხბურთი, რომელიც პირველი 45 წუთის განმავლობაში ითამაშეს, „ქალაქელებმა” რეგულარულად ითამაშონ.

საინტერესო სტატისტიკა: აგერ უკვე ზედიზედ მეათე სეზონია, რაც „სიტი” პრემიერლიგის პირველ თამაშს იგებს. ეს რეკორდი 1900(!) წლიდან „ასტონ ვილას” ეკუთვნოდა. „სიტიმ” გაიმეორა. მეორე მხრივ, ამ ათი შეხვედრიდან მანჩესტერელებს გუშინდელზე სერიოზული დიდად არც ჰქონიათ. „ვულვზი” ხომ ხელწამოსაკრავი გუნდი არ არის. მან გასულ სეზონში გვარდიოლას ბიჭებს ორივე თამაში მოუგო და მეტიც, „მანჩესტერ სიტიმ” „ვულვერჰემპტონს” ბოლო ხუთი შეხვედრიდან მხოლოდ ერთში აჯობა.

და ბოლოს, ტრავმებისა თუ ავადმყოფობის გამო გვარდიოლას ძირითადი შემადგენლობის 7 ფეხბურთელი აკლდა.