გარეთ ბეილი ამ სეზონს „ტოტენჰემ ჰოთსპურში” გაატარებს, თუმცა შეიძლება უფრო დიდხანსაც დარჩეს.

პარასკევს, როდესაც ბეილი ლონდონში, „სფურზის” საწვრთნელ ბაზაზე მივიდა, ის ფანების ალყაში მოექცა. „დეზები” „რეალს” იჯარის 12 მილიონი გირვანქისა და ფეხბურთელის დიდი ხელფასის ნაწილის გადახდაზე შეუთანხმდნენ. როგორც ინგლისურმა მას-მედიამ გაიგო, თუკი საქმე კარგად წავა, ლონდონის კლუბი იჯარას მომდევნო სეზონის ბოლომდეც გააგრძელებს და ასე მიაღწევენ თარიღს, როდესაც უელსელს „რეალთან” კონტრაქტის ვადა ამოეწურება.

„სფურზმა” თავის სახელფასო სტრუქტურაზე ბევრი იმუშავა, რათა შვიდი წლის წინ მადრიდში 85 მილიონ გირვანქად გაშვებული ფეხბურთელი დაებრუნებინა.

ხელშეკრულებას საბოლოოდ დღეს უნდა მოეწეროს ხელი.

და რაკი „ტოტენჰემისა” და „რეალის” ურთიერთობა ვახსენეთ, დავძინოთ, რომ ინგლისურმა კლუბმა „ლოს ბლანკოსისგან” 25 მილიონ გირვანქად, ხუთი წლით, მარცხენა მცველი სერხიო რეგუილონიც იყიდა. 23 წლის რეგუილონი და 31 წლის ბეილი გუშინ ბრიტანეთის დედაქალაქში „სფურზის” პრეზიდენტის, დენიელ ლევის მიერ დაქირავებული თვითმფრინავით ჩაფრინდნენ.

ლუტონის აეროპორტში დაჯდომის შემდეგ, ფეხბურთელები მდიდრულ მანქანებში ცალ-ცალკე ჩასვეს და კლუბის საწვრთნელ ცენტრში წაიყვანეს.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ბაზასთან ფეხბურთელებს, უპირველეს ყოვლისა კი, რასაკვირველია ბეილს, გულშემატკივართა დიდი ჯგუფი შეეგება. ისინი ყვიროდნენ: „გარეთ ბეილი, გარეთ ბეილი, ის დაიბადა რათა „სფურზში” ითამაშოს”.

ორივე ახალწვეულს შეხვდა გუნდის მწვრთნელი ჟოზე მოურინიუც. „განსაკუთრებული” პლოვდივში ევროლიგაზე 2:1 მოგებული თამაშისა და ინგლისში დაბრუნების შემდეგ, ფეხბურთელებთან ერთად ბაზაზე დარჩენილა.

პლოვდივში მოგების შემდეგ მოურინიუმ თქვა: „მე არ მომწონს ჩვენს კლუბში ფეხბურთელების ჭარბი რაოდენობა. ამდენი ხალხის წვრთნა მეტისმეტად ძნელია”.

შედეგად, ლევი სავარაუდოდ გაყიდის დენი როუზს, რაიან სესენიონს, ჯულიან ფოითს, პაულო გაძანიგას და ერიკ ლამელას.