დაგლიჯა „ლოკომოტივმა“! ჩამოვიდა მოსკოვის გაბღენძილი გუნდი, თბილისისამ კიდევ, ამხელა სტალიციდან მობრძანებული ბრექით უნდა იყო, აბა რაო და… მოუგო. მოუგო ლამაზად, ჭკვიანურად. როცა საჭირო იყო პრესინგი ითამაშა, როცა გამოუვიდა წკაპა-წკუპა კომბინაციებიც გაათამაშა და მიართვა მისართმეველი.

მერე, საბჭოთა იმპერიის დედაქალაქში ვიღაცებს უთქვამთ, თბილისის გუნდი საცოდავი იყოო. თავს მიხედეთ, თქვე გავარდნილებო, თავს. ჩვენ შეჯიბრებაში მონაწილეობას ცოტა ხნით მაინც ვაგრძელებთ, თქვენ კი უკვე შინ ხართ.

და კიდევ, ჩვენ, თქვენგან განსხვავებით, არ ვიფხორებით.

ჩვენი შემდეგი სადგური ესპანეთია, გრანადა, სადაც „ლოკომოტივი“იმედია ისევ სწორი განწყობით ჩავა და მერე რაც მოსახდენი იქნება, მოხდეს. აი, თქვენ კი შეგიძლიათ ტელევიზორში ნახოთ ეს ამბავი, რადგან ამიერიდან ამ შეჯიბრების მაყურებლები ხართ.

და ბოლოს, სპორტისა და პოლიტიკის შესახებ. მე სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთში არ მერევა. „ლოკომოტივმა“ მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთი მოიგო. ამ გამარჯვებას იმაზე მეტ მნიშვნელობას არ მივანიჭებ, ვიდრე ფეხბურთს ეკუთვნის. თავს არ მოვიტყუებ.

სამაგიეროდ, სულ სხვა იქნება ის დღე, როდესაც თქვენი სალდათები დაიძახებენ „კრუგომ“! „შაგომ მარშ“! და საქართველოს მიწიდან სამუდამოდ წავლენ.

და ეს დღე რომ დადგება, ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ!