უეფამ იმ ფეხბურთელების მოკლე სია გამოაქვეყნა, რომლებიც 2019-20 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშების მიხედვით შედგა. პრიზები საუკეთესო მეკარეს, მცველს, ნახევარმცველსა და თავდამსხმელს გადაეცემათ 1 ოქტომბერს, როცა მიმდინარე ტურნირის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართება.

ჟიური იმ 32 მწვრთნელისგან შედგება, რომლებიც გასულ გათამაშებაში მონაწილეობდნენ. ასევე, უეფას 55 წევრი ასოციაციის 55 ჟურნალისტისგან. საქართველოდან გამოკითხვაში ტრადიციულად „სარბიელი“ და მისი წარმომადგენელი დავით კაკაბაძე მონაწილეობდა.

მათ ყოველ პოზიციაზე სამი მოთამაშე უნდა დაესახელებინათ და მათთვის შეფასებები დაეწერათ –  ხუთი, სამი და ერთი ქულა.

ნომინანტები (გვარები ალფავიტის მიხედვითაა დალაგებული):

მეკარეები: კეილორ ნავასი (კოსტა რიკა, პსჟ), მანუელ ნოიერი (გერმანია, ბაიერნი), იან ობლაკი (სლოვენია, ატლეტიკო)

მცველები: დავიდ ალაბა (ავსტრია, ბაიერნი), ალფონსო დევისი (კანადა, ბაიერნი), ჯოშუა კიმიხი (გერმანია, ბაიერნი)

ნახევარმცველები: ტიაგო ალკანტარა (ესპანეთი, ბაიერნი), კევინ დე ბრუინი  (ბელგია, მანჩესტერ სიტი), ტომას მიულერი (გერმანია, ბაიერნი)

თავდამსხმელები: რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი, ბაიერნი), კილიან მბაპე (საფრანგეთი, პსჟ), ნეიმარი (ბრაზილია, პსჟ)

***

ევროპა ლიგის ნომინანტთაგან მაქსიმალური ქულები მოაგროვეს: ევერ ბანეგამ (არგენტინა, სევილია, ამჟამად ალ შაბაბი), ბრუნო ფერნანდესმა (პორტუგალია, მანჩესტერ იუნაიტედი), რომელუ ლუკაკუმ (ბელგია, ინტერი)

ამ პრიზებს დაემატება წლის საუკეთესო კაცისა და ქალი ფეხბურთელის ჯილდო, რომელსაც ასევე ჯგუფური ეტაპის წილისყრისას გადასცემენ.

წლეულს უეფამ საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაც დაამატა. მწვრთნელებისა, ვინც ყველაზე მეტი წვლილი შეიტანა ფეხბურთის განვითარებაში გასულ სეზონში.

მწვრთნელების ნომინანტებს მომავალ კვირაში დაასახელებენ.