ავსტრალიის ღია პირველობაზე მარგარეტ კორტის სახელობის კორტზე ბოლო ათწლეულების საჩოგბურთო ელიტის ყველა წარმომადგენელს უჩოგნავია.
ამ კორტზე თამაში ყოველთვის სტატუსის ხაზგასმას ნიშნავდა, ახლა კი იგივე ელიტის წარმომადგენლები კორტის გადანათვლას ითხოვენ.
საქმე იმაშია, რომ 78 წლის მარგარეტ კორტმა რამდენიმე კომენტარი გააკეთა საოჯახო ღირებულებებთან დაკავშირებით, რაც ჰომოფობიაში და უმცირესობების უფლებების დარღვევაში ჩაუთვალეს. ბოლო, ვინც კორტისთვის სახელის გადარქმევას მიემხრო, მსოფლიოს ექსპირველი ჩოგანი, ბრიტანელი ენდი მარი გახლავთ.
„ავსტრალიის ღია პირველობისას მარგარეტ კორტს მთელი ცერემონია მიუძღვნეს. საზოგადოებამ და მოთამაშეთა ნაწილმა ეს არცთუ თბილად მიიღო. ბოლო წლებში მისმა განცხადებებმა ბევრი ადამიანი გაანაწყენა. ვფიქრობ, უნდა განიხილონ კორტისთვის სახელის გადარქმევის საკითხი,“ – თქვა მარიმ.
არადა, შეგახსენებთ, ვინ არის მარგარეტ კორტი: 15-წლიანი კარიერის მანძილზე (1960-1975 წ.წ.) მოიგო დიდი მუზარადის 62 (!) ტურნირი. აქედან 24 ერთეულთა თანრიგში (აბსოლუტური რეკორდი), 19 წყვილთა თანრიგში და 19 შერეულ წყვილებში (ესეც აბსოლუტური რეკორდი).
და ამ ყველაფრის ფონზე, რა დააშავა ასეთი მარგარეტ კორტმა?
მხოლოდ საკუთარი აზრი გამოთქვა იმის შესახებ, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა და მისთვის ტრადიციული ღირებულებები მნიშვნელოვანია.
საქმეს ისეთი პირი უჩანს, გაისად უკვე ავსტრალიის ღიაზე მარგარეტ კორტის სახელობის კორტი ენდი მარისა და მის თანამოაზრეებს სახელშეცვლილი დახვდება