სერხიო რეგუილონი

გარეთ ბეილის შესახებ ბოლო დღეებში იმდენს წერენ, რომ ეტყობა უელსელის თავს მართლა რაღაც ხდება. ბოლო ცნობა ასეთია: „ტოტენჰემ ჰოთსპური” თავის ყოფილ ფეხბურთელში 20 მილიონ გირვანქას იხდის და მასთან ერთწლიანი იჯარის გაფორმებას აღარაფერი უკლია.

არადა, გუშინ დაბეჯითებით წერდნენ, რომ ბეილთან დაკავშირებით „რეალს” ყველაზე აქტიურად „მანჩესტერ იუნაიტედი” ელაპარაკებოდა. ამბობდნენ, თითქოსდა ოლე გუნარ სულშერს მობეზრდა ჯეიდონ სანჩოს თაობაზე „დორტმუნდთან” ვაჭრობა და 31 წლის გარემარბის პრემიერლიგაში დაბრუნებაზე გადაერთო. მოგვიანებით კი მსოფლიო მას მედია მოიარა ახალმა ცნობამ, რომ საქმეში „რეალის” ყოფილი მწვრთნელი, 2019 წლიდან „ტოტენჰემ ჰოთსპურის” თავკაცი ჟოზე მოურინიუ ჩაერთო და როგორც ჩვენში იტყვიან „იუნაიტედს” მოუჯოკრა. თავის კომენტარში ეს ამბავი ბეილის აგენტმა ჯონათან ბერნეტმაც დაადასტურა:

„გარეთს დღემდე უყვარს „ტოტენჰემ ჰოთსპური”. ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. აი, სად უნდა ბეილს ყოფნა და თამაში”.

მიუხედავად იმისა, რომ გარეთ ბეილი „რეალში” 2013 წელს გადავიდა, „სფურზს” ის ყოველთვის თავისიანად მიაჩნდა. მაშინ მადრიდელებმა უელსელში სარეკორდო 86 მილიონი გირვანქა გადაიხადეს. ბეილმა „სანტიაგო ბერნაბეუზე” დიდ წარმატებებს მიაღწია, თუმცა შემდეგ მწვრთნელ ზინედინ ზიდანთან გაუფუჭდა უერთიერთობა და შარშან მადრიდულ კლუბს იმაშიც კი დასდო ბრალი, ჩინეთში, დიდი ფულის საკეთებლად, ბოლოწამს არ გმიშვაო.

დღეს ბრიტანული მას მედია წერს, რომ „სფურზის” თავმჯდომარეს დენიელ ლევის ერთი სული აქვს, როდის გაუფორმებს თავის ყოფილ ფავორიტს საბოლოო ხელშეკრულებას. ამბობენ, რომ წუხელ ყველაფერი თითქმის მოგვარებული იყო.

პრემიერლიგის ახალი სეზონის პირველ შეხვედრაში „ტოტენჰემმა” შინ წააგო „ევერტონთან” 0:1 და გაბრაზებულმა ჟოზე მოურინიუმ თქვა, რომ თავდასხმაში ჰარი კეინის დასახმარებლად კაცი სჭირდება.

ადრეც დაგვიწერია, რომ ბეილს „რეალში” მის მდგომარეობაში მყოფი ფეხბურთელისთვის წარმოუდგენლად დიდი ხელფასი აქვს — კვირაში 650 000 გირვანქა. მადრიდელებს ამ უაზრო ხარჯისგან თავის დახსნა უნდათ, მაგრამ ბოლომდე ვერ გაიქცევიან. ერთწლიანი იჯარის შემთხვევაში „ლოს ბლანკოსს” ხელფასის ნახევრის გადახდა მოუწევს.

ბეილის გარდა, „სფურზმა” „მანჩესტერ იუნაიტედს” კიდევ ერთი ტრანსფერი გამოსტაცა ხელიდან. ლაპარაკია „რეალის” 23 წლის მცველ სერხიო რეგუილონზე, რომელმაც გასული სეზონი იჯარით „სევილიაში” გაატარა. „მანჩესტერ იუნაიტედი” მის შეძენას 20 მილიონ გირვანქად აპირებდა, მაგრამ მხარეები გამოსყიდვის თანხაზე ვერ შეთანხმდნენ და შემდეგ უკვე „სფურზმა” იყოჩაღა. მოურინიუ რეგუილონს რეგულარულ კონტრაქტს სავარაუდოდ, მალე გაუფორმებს.