მოგეხსენებათ, საქართველომ ალბანეთს მოუგო, ლატვიელებმა კი იმ თავის ფიორდებზევე მიამარცხეს ნორვეგიის განთქმული გუნდი.
ამ გამარჯვებამ გაახარა არა მხოლოდ ჩვენი ნაკრების უფროსობა, არამედ გულშემატკვირებიც. როგორც იტყვიან, ლატვიის ნაკრებმა კარგი საქმე „გაუკეთა“ საქართველოს ნაკრებს, განსაკუთრებით საბერძნეთ – სლოვენიის ფრეს ფონზე.
საქართველო იმედოვნებს, რომ ლატვია საქართველოს ძმაა. საქართველო, ასევე, იმედონებს, რომ ლატვიას დაამარცხებს. ლატვიელთა მიერ ნორვეგიელთა ძლევა იმითაც გამოდგა სასიხარულო, რომ ლატვიელებს საქართველოს უპოპულარესი მწვრთნელი, რეზო ძოძუაშვილი თავკაცობს.
საქართველოში ყველამ იცის, რომ ჩვენი მწვრთნელი გუცაევი და ლატვიელთა მწვრთნელი ძოძუაშვილი არა მხოლოდ ძველი თანაგუნდელები არიან, არამედ ქვისლებიც. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი მედია მათ ქვისლებად მოიხსენიებს. გუცაევის მეუღლეს ძოძუაშვილის მეუღლესთან დეიდაშვილური ნათესაობა აკავშირებს.
ეს დიდად ახარებს ჩვენს მედიას, აქაოდა, რეზო ჩვენი კაცია, იმედიანად ვართო. ლატვიელთა მწვრთნელიც გულღია კაცია, მისი სიტყვები და განსჯანი პირდაპირ სალბუნად ედება ქართულ პრესას, რომელიც ძოძუაშვილის გამონათქვამებს თავისასაც უმატებს. ეს, რა თქმა უნდა, არ კეთდება ინფორმაციის თავისუფლების პრინციპის გამო, არამედ იმიტომ, რომ აი, რა კარგია, რომ ჩვენი რეზო იქაა და რომ რეზო და ვოვა ქვისლები არიან და რომ ჩვენ თუ გაგვიჭირდა, ჩვენი რეზო ძალიან მოგვეხმარება და ა.შ. და ასე დაუსრულებლად.

ამას თავად ძოძუაშვილიც უწყობს ხელს. მისი ინტერვიუების ტექსტებს რომ იცნობდნენ ლატვიელები, არა მგონია ღიმილით და იმედით შეხვდნენ თავიანთ მწვრთნელს, ლატვიურ პრესაში რომ იმის ორიოდ სტრიქონი გადაიბეჭდოს, რასაც ქართული მედია დაფითა და ნაღარით ამცნობს მკითხველებს გუცაევისა და ძოძუაშვილის ურთიერთობების შესახებ, ძნელი წარმოსადგენია ძოძუაშვილი ნაკრების თავკაცად დატოვონ.
ჟურნალისტი იმისაა, რომ ინფორმაცია მოიპოვოს და ქვეყანას მოჰფინოს. მაგრამ ინფორმაციის გავრცელებას ჭკუა უფრო სჭირდება, ვიდრე ტაშ-ფანდური და უაზრო სიხარული, დიახ, ჩვენ ყველას გვიყვარს ძოძუაშვილი, ბევრი ჩვენგანი მის ნაკრების მწვრთნელობასაც ემხრობოდა ერთ დროს, მაგრამ ის, რაც მოსწონს და აიმედებს ქართველ გულშემატკივარს, გულს გაუხეთქავს ლატვიელს.
და რა მოსწონს და ახარებს ჩემს გულშემატკივარს?
ნუთუ ის, რომ შორეულ ბალტიისპირეთში ქართველი სასახელოდ მწვრთნელობს? რა თქმა უნდა, ეს ერთგვარი სიხარულია, მაგრამ არა მთავარი. დღეს ყოველ საგულშემატკივრო ბაღის კიდეზე გაიგონებ, ლატვია ჩვენიაო, ძოძუაშვილი ამბობს, ლატვია – საქართველოს მატჩში საქართველოს გამარჯვება გამეხარდებაო. საწყალი ლატვიელები!
ხომ არის რაღაცეები, რისი თქმაც უბრალოდ არ შეიძლება, არ შეიძლება, მორჩა და გათავდა, მით უმეტეს, ჟურნალისტებისთვის.
წილისყრამ შეახვედრა ერთმანეთს საქართველო და ლატვია. ბედმა ისე განსაზღვრა, რომ ამ გუნდების მწვრთნელები ერთმანეთის ახლობელი ადამიანები გამოდგნენ, არ შეიძლება ამის გამო სულელური თეორის შექმნა. მით უმეტეს, რომ თუ ეს თეორია ჩვენი ქვეყნის საზღვარს გასცდა, სასარგებლო არ იქნება ძოძუაშვილისა და მისი სამუშაოსთვის. აბა შეიძლება ყველაფერი ქართველურ, ძმურ, შინაურულ თეატრად გადააქციო?
და იცით რა ჭორები დადის გულშემატკვართა შორის? ლატვიასთან პირველი თამაში პატიოსანი იქნება, ვინც მოიგეს, მოიგებსო. მეორეში კი, რომელსაც დაჭირდება, ის ჩაიწერს სამ ქულასო. ეს ფეხბურთი არ არის, ეს არის სისულელე.
ასევე სისულელეა ის, რომ ლატვიის ნაკრებმა საქართველოსთვის გადადოს თავი, ლატვიელებმა მოიგეს ჯგუფის ფავორიტთან გასვლითი მატჩი. რომელი ნორმალური ადამიანი იფიქრებს ამის შემდეგ, რომ ლატვიელები, რომლებიც პირველი ტურის შემდეგ ჯგუფს ლიდერობენ, ისევე ფიქრობენ ძოძუაშვილსა და გუცაევზე, როგორც ჩვენი მედია.
მე არ ვიცი, რას ფიქრობს ლატვიელთა მწვრთნელი თავისი გუნდის შესახებ. ნორვეგიულ გამარჯვებას კი ჩვენს პრესაში ერთხელ გავარდნილი თოფის ამბავი უწოდა. საინტერესოა, ასევე უწოდა გუნდის წარმატებას ლატვიურმა პრესამ?
მაგრამ ეს იქეთ იყოს. კაცია და გუნება. ყოველ მწვრთნელს თავისი პოლიტიკა აქვს. ცუდი ის არის, რომ მედიას არა აქვს პოლიტიკა და სიმპატიებს თავად ძოძუაშვილისთვის საზიანოდ აფრქვევს.
12.09.1998