საფრანგეთის ჩემპიონატის სასტარტო მატჩზე ლანსში პსჟ ნეიმარის, მბაპეს და კიდევ ხუთი სუპერვარსკვლავის გარეშე ჩავიდა. მიზეზი, მოგეხსენებათ, კორონავირუსია, რომელსაც უმრავლესობა იბიცაზე ნებივრობისას გადაეყარა.
ამის მიუხედავად და თუნდაც დარჩენილი რესურსიდან გამომდინარე, პარიზელებს ქულა მაინც უნდა წაეღოთ. „ლანსის“ დამრიგებელ ფრანკ ესს ველოსიპედი ხელახლა არ გამოუგონია – მკაცრი თამაში დაცვაში და კლასიკური ფლანგური ჩაწოდებები თავდასხმაში.
ერთ-ერთი ასეთი ჩაწოდებისას პსჟ-ის მესამე მეკარე მარცინ ბულკამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა და ამით, სავარაუდოდ, საკუთარ პარიზულ კარიერას წერტილი დაუსვა.
გონაგოს ერთადერთმა გოლმა სამი ქულა ლანსელებს მოუტანა, პსჟ-ს კი წინ არანაკლებ რთული ორი ტური ელის.