„ბარსელონას” დირექტორთა საბჭო მთელდღიანი თათბირის შემდეგ ოთახიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით გამოვიდა.
უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ გადაწყდა კლუბის საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი: 2021 წლის 20 და 21 მარტი.
„ბარსელონამ” განცხადება გაავრცელა: „ჯანმრთელობის საყოველთაო ინტერესებიდან და ყველა ხმოსანისთვის ხელის შეწყობის სურვილიდან გამომდინარე, კლუბის მმართველობამ გადაწყვიტა, რომ არჩევნები ჩატარდება მთელი უქმეების განმავლობაში, ის მოიცავს ბევრ ადგილს მთელ ტერიტორიაზე და შესაძლებელი იქნება ხმის მიცემა ფოსტით”.
ხსენებულ 20 მარტს „ბარსა” „რეალ სოსიედადს” სტუმრად, სან სებასტიანში ხვდება. შეიძლებოდა არჩევნები დაენიშნათ 4 აპრილს, როდესაც „ბარსას” „ვალიადოლიდთან” საშინაო შეხვედრა აქვს, მაგრამ მაშინ ის კათოლიკური აღდგომის დღესასწაულს დაემთხვეოდა. 11 აპრილს კი უკვე „ელ კლასიკოა” მადრიდში.
დირექტორთა საბჭომ აგრეთვე დაადგინა დელეგატთა რიგითი გენერალური ასამბლეის თარიღიც — 25 ოქტომბერი. ამ დღეს ბარსელონაშია „ელ კლასიკო”.
რასაკვირველია, კორონავირუსის პანდემიამ დადგენილებაში შეიძლება ცვლილებები შეიტანოს.