როგორც ირკვევა, 29 წლის ბელგიელი ვარსკვლავი ედენ აზარი „რეალს” გაცილებით ძვირი დაუჯდა, ვიდრე თავიდან ამბობდნენ.
შარშან, როდესაც აზარი „ჩელსიდან” „სანტიაგო ბერნაბეუზე” გადაბარგდა, დაიწერა, რომ მადრიდელებმა მასში 100 მილიონი ევრო გადაიხადეს. აგრეთვე ითქვა, რომ ბონუსებით ამ თანხას შეიძლება კიდევ 45 მილიონი დაემატოს, მაგრამ გუშინ, ბელგიურმა გაზეთებმა Het Laatste Nieuws-მა და La Dernière Heure-მ გამოაქვეყნეს ცნობა, რომ რეალური თანხა 160 მილიონი ევროა.
განვმარტოთ: ფიფას რეგულაციათა თანახმად ყველა კლუბი, რომელიც 12-დან 23 წლამდე ფეხბურთელის აღზრდაში მონაწილეობდა, ამ მოთამაშის მომდევნო ტრანსფერებიდან ხუთ პროცენტს უნდა იღებდეს.
აზარი „რეალამდე” სამ კლუბში თამაშობდა. ესენია, ბელგიური „ტუბიზი” (2003-2005), ფრანგული „ლილი” (2005-2012) და „ჩელსი” (2012-2019). „ტუბიზმა” გამოაცხადა, რომ მას კუთვნილი ფული დარღვევებით ერიცხებოდა, რის გამოც აზარის „ხუთპროცენტიანი ამბავი” გასაჯაროვდა. ბელგიურ კლუბს ჩივილიც უნდოდა, მაგრამ როგორც ამბობენ, „რეალმა” წინასწარვე დაიჭირა თადარიგი.
ცნობილია, რომ სატრანსფერო თანხა სამ ეტაპად უნდა გადაირიცხოს. 40 მილიონი ევრო 2019 წელს უნდა გადახდილიყო, 56 მილიონი — 2020 წელს, ხოლო 64 მილიონი 2021-შია გადასახდელი.
სოციალურ ქსელებში „რეალს” დასცინიან, რომ ფეხბურთელში, რომელიც მოედანზე სახეიროს ვერაფერს აკეთებს, უზარმაზარი ფული გადაიხადა. „ჩელსის” დირექტორი მარინა გრანოვსკაია კი პირიქით, ბედნიერია, ეს რა კარგი გარიგება გავჩარხეთო.
გამოდის, რომ დაახლოებით იმ ფულად, რაც აზარში მიიღო, „ჩელსიმ” სამი ფეხბურთელი შეიძინა: კაი ჰავერცი (ლევერკუზენი, 80 მილიონი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი, 53 მილიონი) და ჰაკიმ ზიეჰი (აიაქსი, 40 მილიონი).