ერთი წლის წინ, 23 წლის ჰოლანდიელი ფრენკი დე იონგი „აიაქსიდან” „ბარსელონაში” გადავიდა. ახლა ის ნაკრებშია გამოძახებული, 4 სექტემბერს პოლონეთთან და 7 სექტემბერს იტალიასთან სათამაშოდ ემზადება. ეს ერთა ლიგის მატჩებია და დე იონგი ალბათ კმაყოფილია, რომ რამდენიმე დღით მაინც გამოაღწია იმ ქაოსიდან, რომელსაც „ბარსელონა” ჰქვია. დღეს „ბარსას” ყველაზე დიდი თავის ტკივილი, რასაკვირველია მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელთან, ლეო მესისთან დაკავშირებული ამბებია.

დე იონგს ჰოლანდიურმა ტელეკომპანია NOS-მა ჩამოართვა ინტერვიუ. ფეხბურთელმა თქვა:

„დიახ, „ბარსელონაში” ქაოსია. იქ ძალიან ბევრი უცნაური ამბავი ხდება, რასაც ქაოსის მეტს ვერაფერს დაარქმევ”.

გუშინ, მესის მამა ხორხე, რომელიც იმავდოულად ვაჟის აგენტიც არის, ბარსელონაში ჩაფრინდა, სადაც კლუბის პრეზიდენტ ჟოზეპ მარია ბარტომეუს ორი საათი ელაპარაკა. დე იონგმა თქვა, რომ იმაზე მეტი, რაც საჯაროდ იწერება თავადაც არ იცის.

„ბოლო პერიოდში მესისთან პირადად არ მილაპარაკია და გულწრფელად გეტყვით, რომ წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება მის თავს. ერთი რამ კი შემიძლია დაზუსტებით მოგახსენოთ, ლეოს წასვლა გუნდისთვის და ზოგადად, მთელი კლუბისთვის დიდი დარტყმა იქნება. უფრო ზუსტად კი სიტუაციას სანაკრებო შეხვედრების შემდეგ ვნახავ.

დიდი იმედი მაქვს, რომ ბასელონაში დაბრუნებულს მესი გუნდში დამხვდება. ჯერჯერობით ის კვლავ ჩვენს WhatsApp-ის ჯგუფშია და ეს მაიმედებს. 

ვიმეორებ, მე არ ვარ ის კაცი, ვისაც ლეოს ამბებზე კომპეტენტურად შეუძლია ლაპარაკი. არ ის უგდებს ჩემს რჩევებს ყურს. მისთვის ჩემზე გაცილებით ავტორიტეტული ხალხი არსებობს”.