კატალონიური „სპორტი” წერს, რომ ჩილელი ვეტერანი არტურო ვიდალი „ბარსელონაში” თავს მშვიდად ვეღარ გრძნობს. ახალ მწვრთნელს რონალდ კუმანს ვიდალი გუნდში აღარ სჭირდება და ისიც უკმაყოფილო კომენტარებს აღარ ერიდება.

„ჩემპიონთა ლიგის ფინალში რომ ვერ გავედით, ძალიან გულსატკენი იყო, — თქვა 33 წლის ნახევარმცველმა, — მე საქმეს დიდი რწმენით ვეკიდებოდი, მაგრამ გუნდი არ ვარგოდა. ჩვენ ისეთ რაღაცებს ვაკეთებდით, რაც უმაღლეს დონეზე არ უნდა ხდებოდეს. ბოლოს კი მოგვიწია გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე ორგანიზებულ გუნდთან თამაში, რომელსაც ფიზიკურად ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავდა და ჩამოყალიბებული სათამაშო სისტემა ჰქონდა. ჩვენ? ჩვენ მენტალურად სუსტები ვიყავით და არც ენერგია გვეყო”.

შემდეგ ვიდალმა კლუბზე ილაპარაკა.

„აშკარაა, რომ რაც მოხდა ფეხბურთელების ბრალი არ არის. პრობლემა გაცილებით ღრმაა. კლუბმა უნდა გამოასწოროს საქმე. უკეთ უნდა იმუშაოს, ეს კი ადვილი არ არის. მარტო ცნობილი სახეების გუნდიდან გაყრით და მცირე რაღაცების გადაკეთებით ვერაფერს გამოცვლი.

„ბარსამ” აზროვნების სტილი უნდა შეცვალოს. მსოფლიოში ფეხბურთი ძალიან განვითარდა. სისხლით ბარსელონელობა უკვე გასული ეტაპია. სხვა გუნდები გაცილებით მძლავრები და სწრაფები გახდნენ. ტექნიკამ ცალკეულ შემთხვევებში უკანა პლანზე გადაიწია, აქტუალურობა დაკარგა.

„ბარსელონაში” ბევრი რამ არის შესაცვლელი. გუნდი, რომელიც, ჩემი აზრით, მაინც მსოფლიოში საუკეთესოა, არ უნდა შედგებოდეს 13 პროფესიონალისა და უწვერული ჭაბუკებისგან. იმიტომ კი არა, რომ ეს ჭაბუკები იქ ყოფნას არ იმსახურებენ, არამედ იმიტომ, რომ გუნდში უნდა იყოს მუდმივი კონკურენცია. უნდა იყოს ბრძოლა, თუ ვინ მოხვდება შემადგენლობაში.

ყველა გუნდს სჭირდება 23 მოთამაშე, რომლებიც ძირითადში მიხვედრისთვის იბრძოლებენ. დღეს, იმის ფიქრი, რომ შენი დნმ-ს წყალობით სულ მოიგებ, დიდი შეცდომაა.

ჩვენ საუკეთესო ფეხბურთელები გვყავს. ჩვენ გვყავს მესი, რომელიც მსოფლიოში პირველი და უცხოპლანეტელია, მაგრამ მას გვერდში დგომა სჭირდება. მას მხარში უნდა ამოუდგნენ მოთამაშეები, რომლებიც გუნდს გააძლიერებენ და უკეთეს შედეგებს დადებენ”.