დასრულდა ევროსეზონი – ჩემპიონთა და ევროპის ლიგამ მორიგი გამარჯვებული ჩაწერეს ისტორიაში, თუმცა სეზონი გვიან დასრულდა, გვიან და ახლებურად. კორონავირუსის პანდემიის გამო UEFA-ს ევროტურნირების დასრულება შემჭიდროვებული ფორმატით მოუწია. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალებს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონის ორმა სტადიონმა უმასპინძლა და ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი მიუნხენის „ბაიერნმა“ მოიგო, ხოლო ევროპალიგის დასკვნითი შეხვედრები გერმანიის ოთხ ქალაქში (გელზენკირხენი, კიოლნი, დიუსელდორფი და დუისბურგი) ერთ წრედ ჩატარდა და გამარჯვებული ესპანური „სევილია“ გახდა.
ახლა შედეგი: UEFA-ს ხელმძღვანელობას ახალი ფორმატი მოეწონა და არ არის გამორიცხული, რომ „რვათა ფინალები“, სამომავლოდაც შენარჩუნდეს.
აი, რას ამბობს UEFA-ს პრეზიდენტი ალეკსანდერ ჩეფერინი:
„გამოგიტყდებით, ერთთამაშიანი ფორმატი გაცილებით საინტერესოდ გამოჩნდა, ვიდრე – ორმატჩიანი დაპირისპირებები. „რვათა ფინალი“, ალბათ, ყველაზე საინტერესო რამაა, რაც პანდემიამ მოიტანა. არადა, იძულებულნი ვიყავით, ასე გვეთამაშა. მშვენიერი პროექტი მივიღეთ. ჩემპიონთა თუ ევროპალიგის ერთ კონკრეტულ მატჩში, შესაძლოა, ნებისმიერი შედეგი დაფიქსირდეს, ამდენად, ქომაგებმა უფრო მიმზიდველი თამაშები მიიღეს. ბევრი გვწერს და ფორმატის შენარჩუნებას გვთხოვენ. კვირის განმავლობაში შეჯიბრი მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. ეს, ფანტასტიური რამაა. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ ამ საკითხზე უნდა ვიფიქროთ. გარკვეულ გადაწყვეტილებას, ალბათ, სექტემბერ-ოქტომბერში მივიღებთ.