„ბაიერნმა” ევროპას მეხივით გადაუარა. ეს იყო შეუჩერებელი გუნდი. გზად ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფისკენ მან გადათელა ლონდონი — „ტოტენჰემსა” და „ჩელსის” 17 გოლი გაუტანა, —  დაარბია თანამედროვე ფეხბურთის უდიდესი ინსტიტუტი „ბარსელონა”, რომელსაც ერთ შეხვედრაში რვა გოლი შეუგდო და ფინალში 1:0 მოუგო „პარი სენ ჟერმენს”, სადაც პლანეტის ორი უძვირესი ფეხბურთელი, ნეიმარი და კილიან მბაპე თამაშობენ.

ნავთობით მდიდარი ყატარელი მილიარდერების გუნდმა „ბაიერნს” ვერ აჯობა. ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში გერმანიის „რეკორდმაისტერმა” 11 შეხვედრიდან 11 მოიგო და 43 გოლი გაიტანა. არადა, ფრანგები „პარი სენ ჟერმენს” დიდი იმედით შეჰყურებდნენ, რადგან ბოლო 16 წლის განმავლობაში მსოფლიოს ჩემპიონთა ქვეყნის გუნდი პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

დიახ, პარიზელები თავს მთელი 59 წუთის განმავლობაში შესანიშნავად იცავდნენ. მათ ბავარიელთა კართან რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, მაგრამ დამარცხდნენ და რაგინდ მწარე არ უნდა ყოფილიყო, გოლი ყოფილმა თანაგუნდელმა და თანაქალაქელმა, ფრანგმა კინგსლი კომანმა გაუტანათ.

„ბაიერნი” ტრიუმფამდე მიიყვანა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა, რომელიც შარშან ამ დროს ნიკო კოვაჩის ასისტენტად მუშაობდა, მაგრამ, ნოემბერში, როდესაც კოვაჩი თანამდებობიდან გაუშვეს, მას გუნდი დროებით, ახალი მწვრთნელის მოძებნამდე ჩააბარეს. სავარაუდოდ, ამ ეტაპზე „რეკორდმაისტერს” ახალი თავკაცის ძებნა აღარ სჭირდება.

ფლიკის ხელმძღვანელობით ბავარიელებმა ყველა შეჯიბრებაში ერთად, მიჯრით 21 შეხვედრა მოიგეს. და სწორედ ფლიკმა გარისკა ხორვატი ივან პერიშიჩის ნაცვლად კინგსლი კომანის თამაში, რამაც შედეგად ის მოიტანა, რომ ფრანგმა ჯერ კიდევ ფინალამდე „ჩელსისაც” გაუტანა და „ბარსელონასაც”.

ამრიგად, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი გათამაშება, რომელმაც 14 თვე გასტანა, ღირსეულად დასრულდა — ევროპას დამსახურებული გვრირგვინოსანი ჰყავს!

და ერთადერთი, რაზეც „ბაიერნის” ქომაგს შეიძლება გული დაწყდეს არის ის, რომ ფინალში რობერტ ლევანდოვსკიმ ვერ შეაგდო. პოლონელმა სეზონი 59 გოლით დაასრულა და მაინცდამაინც „პარი სენ ჟერმენთან” შეხვედრა გამოდგა ბოლო 17 სტარტიდან მეორე, რომელშიც მიზანს ვერ მიაღწია. თუმცა, ლევანდოვსკიმ ფინალში ძელს მაინც გაარტყა ბურთი, რაც გოლი არ არის, მაგრამ ყოველთვის ეფექტურია.

და კიდევ ერთი: „ბაიერნმა” ევროპის ჩემპიონთა თასი/ლიგა მეექვსედ მოიგო, რითაც უეჭველად გული მოუფონა კლასიკურ, ტრადიციულ კლუბებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ „პარი სენ ჟერმენისა” და „მანჩესტერ სიტის” მსგავსი კომერციული პროექტები დიდ ტიტულებს ადვილად ვერ მოიპოვებენ; რომ ამას ფულისა და საუკეთესო ფეხბურთელების ყიდვის გარდა კიდევ რაღაც სხვა სჭირდება!