„ეს გამარჯვება ჩემთვის და „სევილიას” ყველა გულშემატკივრისთვის უდიდესი სიხარულის მომგვრელია,” — თქვა ევროლიგის ფინალის დამთავრების შემდეგ ესპანური გუნდის მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგიმ, რომელმაც ტრიუმფი აწგარდაცვლილებს ანტონიო პუერტასა და ხოსე ანტონიო რეიესს მიუძღვნა. პუერტა გულის შეტევით მოედანზე დაიღუპა, რეიესი კი ავტოკატასტროფამ იმსხვერპლა.

ანდალუსიელებმა გერმანიის ქალაქ კიოლნში გამართულ ფინალში „ინტერს” მოუგეს 3:2. ანგარიში მე-5 წუთზე „ინტერის” ბელგიელმა თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა, რასაც „სევილიამ” მე-12 და 33-ე წუთებზე ჰოლანდიელი ლუკ დე იონგის ორი გოლით უპასუხა. 36-ზე ურუგვაელმა დიეგო გოდინმა კვლავ აღადგინა წონასწორობა, ხოლო შესვენების შემდეგ, თამაშის დამთავრებამდე 16 წუთით ადრე, ზემოხსენებულმა ლუკაკუმ ბრაზილიელი დიეგო კარლოსის მაკრატელა დარტყმის დაბლოკვა სცადა, მაგრამ, მისდა საუბედუროდ, ბურთი თავისი გუნდის კარში ჩაეჭრა.

ლოპეტეგი: „ჩვენ უძლიერესი გუნდი გვყავს. ყველა გვეხმარება, ყველა ცდილობს მის წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანოს. გული მწყდება, რომ გულშემატკივრებმა ქუჩებში გამოსვლა და სახალხო ზეიმის მოწყობა ვერ შეძლეს. ეს პანდემიის ბრალია. მათ მეც ვთხოვე მსვლელობებისგან თავი შეეკავებინათ, თუმცა შეძლებისდაგვარად, ცხადია, მაინც მოაწყობენ ზეიმს.

დღევანდელ გამარჯვებას პუერტასა და რეიესს ვუძღვნით. და ვუძღვნით ყველას, ვისაც ჩვენი კლუბი უყვარს”.

მატჩისშემდგომი ზეიმის დროს „სევილიას” ფეხბურთელებმა საგანგებოდ გამზადებული მაისურები ჩაიცვეს რეიესის და პუერტას დამოსახულებით, რასაც ქვედა ფოტოზე ხედავთ.

ლოპეტეგიმ განაგრძო: „ეს წარმატება ეძღვნება მათ და „სევილიას” ყველა იმ ქომაგს, რომელიც ზეციდან გვეხმარებოდა. ეს თასი ყველასია!”

შემდეგ ლოპეტეგიმ ფეხბურთელები შეაქო:

„ისინი დიდებულად გაისარჯნენ. მათ ქება ეკუთვნით გაწეული მუშაობისთვის, იმისთვის, რაც ამ ურთულეს წელიწადს გადაიტანეს. რომც ვერ მოგვეგო, მაინც დიდი გუნდი ვიქნებოდით, მაგრამ საბედნიერიდ, გავიმარჯვეთ. ბიჭებმა ურთულესი სეზონი გაიარეს და ის 22 აგვისტოს(!) წარმატებით დააგვირგვინეს”.

გუშინდელი გამარჯვება „სევილიასთვის” ევროლიგაში მეექვსე იყო. აქედან, ბოლო ოთხი ტრიუმფი 2014 წლის შემდგომ პერიოდზე მოდის. ექვსზე მეტად ეს ჯილდო სხვა გუნდს არ მოუგია.