რამდენიმე კვირის წინ, როდესაც „მილანის” ახალი მწვრთნელის თანამდებობაზე 62 წლის გერმანელი რალფ რანგნიკის კანდიდატურასაც განიხილავდნენ, იტალიური კლუბის 38 წლის შვედი ვარსკვლავი ზლატან იბრაჰიმოვოჩი, რომელიც დიდი თავაზიანობით არ გამოირჩევა, ამბობდა, რომ ასეთ სპეციალისტს არ იცნობს. რანგნიკმა, საპასუხოდ განაცხადა, რომ თუ მას „სან სიროზე” დანიშნავდნენ, იბრაჰიმოვიჩს არ ათამაშებდა.

ამ თემაზე მწვრთნელს, რომლის ხელშიც გაიხსნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან რობერტო ფირმინო, ნაბი კეიტა და სადიო მანე, იტალიური „გაძეტა დელო სპორტი” ელაპარაკა. რანგნიკმა, რომელიც ბოლოს „ლაიპციგს” ედგა სათავეში, უპასუხა:

„მე ახალგაზრდებთან ვმუშაობ. ჩემი პროფილი მათი აღზრდაა. 38 წლის კაცებზე დაყრდნობა არ მჩვევია, ჩემი სტილი არ არის”.

ინტერვიუში გერმანელმა თქვა, რომ შვედი კარგი(!) ფეხბურთელია, მაგრამ მას ნიჭიერი ახალგაზრდობის აღზრდა ურჩევნია.

შემდეგ, რანგნიკმა, რომლის ხელმძღვანელობითაც „ლაიპციგი”, 2016 წელს, მეორე ბუნდესლიგიდან ბუნდესლიგაში აღზევდა, თქვა, რომ მას კარგად ესმის „მილანის” გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მწვრთნელი სტეფანო პიოლი თანამდებობაზე დატოვეს.

„კორონავირუსით გამოწვეული წყვეტის შემდეგ „მილანი” სერია A-ში ყველაზე კარგი გუნდი იყო. ასეთ დროს კი აწყობილი სისტემის შეცვლა და ახალი მწვრთნელის მოყვანა არც სწორი საქციელი იქნებოდა და არც ღირსეული”, — თქვა მან.