ასაკი? კი ბატონო, 32 წლისაა, მაგრამ ამბიცია არ მოჰკლებია. და მას არ აქვს იმ ხალხთან კამათის დრო, რომელსაც მიაჩნია, რომ მან „ჩელსიდან” „არსენალში” გადასვლით ნაბიჯი უკან გადადგა. რატომ? იმიტომ, რომ ვილიანმა იცის რისთვისაც მივიდა „ემირეიტ სთედიუმზე”. თავიდანვე, როდესაც „არსენალის” თავკაც მიკელ არტეტას შეხვდა და ელაპარაკა, გაირკვა, რომ ორივეს ერთნაირი, დიდი ამბიცია ჰქონია — ჩემპიონთა ლიგაში უნდათ გამარჯვება.
საინტერესოა, რომ „არსენალს” ჩემპიონთა ლიგა არასდროს მოუგია, მაგრამ, ამის მიუხედავად, მწვრთნელიცა და მოთამაშეც მიიჩნევენ, რომ მათი ოცნება უსაფუძვლო არ არის.
„ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც სამწლიანი კონტრაქტის გაფორმება მინდოდა სწორედ ის არის, რომ მე პენსიამდე დროის მოკვლას არ ვაპირებ. როდესაც მიკელ არტეტას ველაპარაკე, მან მითხრა, რომ მისი პირველი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელი ადგილის მოპოვებაა და შემდეგ, იმ ორ წელიწადში, რომელიც მე „ემირეითზე” დამრჩება, გამარჯვება. მეც სწორედ ამ სიტყვების გაგონება მინდოდა მისგან.
შვიდი წელიწადი „ჩელსიში” გავატარე, სადაც ჩემპიონთა ლიგის გარდა ყველაფერი მოვიგე. ახლა, იმედი მაქვს, რომ „არსენალი” პრემიერლიგის მორიგ ტიტულთან ერთად იმ დიდ ჯილდოსაც მომიტანს, რომელიც ასე მაკლია”.
ყველაფერი გასაგებია, მაგრამ გაჩნდა კითხვა: ნუთუ ვილიანი ჩემპიონთა ლიგისთვის „ჩელსისთან” ერთად ვერ იბრძოლებდა? ვითომ, „არსენალთან” ერთად უფრო მოიგებს საოცნებო ჯილდოს?
ვილიანი: „ყველამ იცის, თუ რა პრობლემის წინაშე ვიდექი „ჩელსიში”. დასავლეთლონდონელებს მიაჩნდათ, რომ რაკი 32 წლის ვარ, ჩემთან სამწლიანი კონტრაქტი აღარ უნდა დაედოთ. მე კი ვფიქრობდი, რომ ჩემს ფიზიკურ მომზადებაში ეჭვის შეტანა არ შეიძლებოდა და ხანგრძლივ ხელშეკრულებას ვიმსახურებდი.
ფრენკ ლემპარდს ვერაფერს ვუსაყვედურებ. მის ხელში იმდენი შეხვედრა ჩავატარე, რამდენსაც წინა მწვრთნელების დროს არ ვატარებდი. ადრე ორჯერ მათამაშებდნენ და მესამე შეხვედრაში მასვენებდნენ. მესმის, ეს ფეხბურთის ნაწილია, მაგრამ კიდევ უფრო ხშირმა თამაშმა დიდი სიამოვნება მომანიჭა. მწვრთნელი მენდო და ვფიქრობ, გავუმართლე კიდეც, მაგრამ „არსენალი” იმას დამპირდა, რაც მომავალში მინდოდა. იმედი მაქვს, რომ თავის მხრივ „მეთოფეებიც” დარწმუნდებიან, რომ ჩემი ყიდვა სწორი გადაწყვეტილება იყო.
32 წელი სულაც არ არის საშიში. დღეს, ის ფეხბურთელები, რომლებიც სწორად ცხოვრობენ და ვარჯიშობენ, უმაღლეს დონეზე 35 წლამდე თამაშობენ. მე კი სწორად ცხოვრებისა და ვარჯიშის პრობლემა არ მაქვს.
„არსენალის” გარდა მინდა ბრაზილიის ნაკრებშიც კიდევ ბევრჯერ ვითამაშო და მსოფლიოს მომდევნო ჩემპიონატში მივიღო მინაწილეობა”.
ვილიანს აშშ-ის MLS-შიც შეეძლო გადასვლა. იქ მას ერთ-ერთი კლუბი მდიდრულ, ოთხწელიწადნახევრიან ხელშეკრულებას სთავაზობდა, მაგრამ ბრაზილიელმა მიიჩნია, რომ პრემიერლიგიდან წასვლა ჯერ ძალიან ადრე იყო.
„შვიდი წელიწადია აქ ვარ და მიმაჩნია, რომ პრემიერლიგა მსოფლიოში საუკეთესო ადგილია. თავის დროზე ამიტომაც არ ვისარგებლე შანსით და არ გადავედი ესპანეთსა და იტალიაში. ინგლისში ყოფნა ძალიან მომწონს. მიმაჩნია, რომ არც რესურსი ამომიწურავს. ჯერ კიდევ შემიძლია „არსენალს” სარგებლობა მოვუტანო. სუპერმენი არ ვარ, მაგრამ ძლიერი თანაგუნდელების დახმარებით ჯილდოების მოგება ჯერ კიდევ შემიძლია”.
ვილიანის ტრანსფერზე დიდი გავლენა მისმა ბავშვობის მეგობარმა დავიდ ლუისმა ითამაშა. ლუისი და ვილიანი 8 წლის ასაკიდან მეგობრობენ.
ვილიანი: „სწორედ დავიდმა მითხრა, რომ „არსენალის” წევრობა ძალიან კარგია. ის ყოველდღე მირეკავდა და აგიტაციას მიწევდა. მე კი მას დიდ პატივს ვცემ და ყველაფერი, რასაც ის მიკელ არტეტასა და „არსენალის” ცხოვრებაზე მიყვებოდა, მომწონდა”.
წლეულს, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალში ერთმანეთს სწორედ „არსენალი” და „ჩელსი” შეხვდნენ. „არსენალმა” მოიგო 2:1.
ამ შეხვედრაში ვილიანს ტრავმის გამო არ უთამაშია. მას ჰკითხეს, რომელ გუნდს ქომაგოდა ტრიბუნიდან.
„ფინალში „ჩელსის” ვქომაგობდი, რადგან „არსენალთან” საქმე ჯერ საბოლოოდ არ მქონდა მოგვარებული”, — უპასუხა ბრაზილიელმა.