მსურველმა ყველაფერი ნახა. ფაქტია, რომ ფრანგულმა პსჟ-მა გერმანული „ლაიფციგისგან“ ქვა ქვაზე არ დატოვა (3:0) და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა.
ემოციები უკვე ჩაცხრა. ახლა მარტო ციფრები იყოს:
– ეს ამ გუნდების პირველი შეხვედრა იყო, რაც არ არის გასაკვირი. „ლაიფციგი“ 11 წლის წინ დაარსდა.
– 2008 წელს ამ გუნდების მწვრთნელები თომას ტუხელი და იულიან ნაგენსმანი „აუგსბურგი II“-ს წარმოადგენდნენ. პირველი წვრთნიდა და მეორე თამაშობდა.
– იმავე 2008 წელს პსჟ ლიგაში დარჩენისთვის იბრძოდა, „ლაიფციგი“ კი ჯერაც არ არსებობდა.
– 33 წლის ნაგელსმანი რეკირდსმენი გახდებოდა, თუ ამ ასაკში გუნდს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანდა. რეკორდი 35 წლის დიდიე დეშამს დარჩა, ვინაც 2004 წელს ფინალს „მონაკოსთან“ ერთად უწია.
– ტიაგო სილვამ პსჟ-ის მაისური ევროთასებზე 53-ჯერ მოირგო და ეს საკლუბო რეკორდია.
– გერმანელებს სასტარტო შემადგენლობაში სამი ფრანგი ჰყავდათ, ფრანგებს – ორი.
ისე კი, ფრანგებზე ალალია. იმსახურებდნენ. ახლა მეტოქეს დაველოდოთ. ხანდახან „ლიონმა“ ისეთი სიურპრიზის გამოცხობა იცის…