ამ „ნიუკასლ იუნაიტედს” ხელმძღვანელ ქალებზე სჭირს რაღაც გაგიჟება. აურის ამბავი უნდა იყოს. ეტყობა ყოფილი „სუსტი სქესის” წარმომადგენლებს იზიდავს. სულ ცოტა ხნის წინ კლუბის ყიდვას საუდელი კრონპრინცი მოჰამედ ბინ სალმანი აპირებდა, რომელსაც წინ ინგლისელი ბიზნესვუმენი ამანდა სტეივლი ჰყავდა აფარებული. და აი, ამ ამბიდან ორი თვეც არ არის გასული, რომ ჰორიზონტზე კვლავ ქალბატონი გამოჩნდა — კანადელი ევანჯელინ შენი, რომელმაც შარშან აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ბარაკ ობამას 32 ათას დოლარიანი სამაჯური აჩუქა. მას „კაჭკაჭების” პრეზიდენტობა სურს.
ქალბატონი შენი მარტო არ არის. ის სინგაპურელ ბიძაშვილებთან ტერენს და ნელსონ ლოებთან ერთად „ბელაგრაფ ნოვა გრუპს” წარმოადგენს.
ტრიო ცდილობს პრემიერლიგაში მე-13 ადგილზე გასული „ნიუკასლ იუნაიტედი” მაიკ ეშლისგან 280 მილიონ გირვანქად იყიდოს.
მართალია, გულშემატკივრები ამ წამოწყებას უნდობლობით ეკიდებიან, მაგრამ ნათესავ-ბიზნესმენთა ჯგუფი ოპტიმისტურად არის განწყობილი. ის ამბობს, რომ თუკი კლუბი მათ დარჩება, „ნიუკასლის” მწვრთნელად არც მეტი-არც ნაკლები „კაჭკაჭთა” ლეგენდა ალან შირერი დაინიშნება, ხოლო სატრანსფერო ბაზარზე კრიშტიანუ რონალდუს შეიძენს.
ქალბატონი შენი და მისი რაზმი აცხადებს, რომ ამჟამად ქალაქში სხვა მყიდველი აღარ არის და იმედოვნებს, რომ ეშლი ფასს 340 მილიონიდან 280-მდე დააკლებს.
შენი და ძმები ლოები პირობას დებენ, რომ კლუბში დიდი საინვესტიციო თანხები ჩაიდება.
აღსანიშნავია, რომ ხსენებულ ბიზნესმენთა ჯგუფი დიდ ბრიტანეთში არ არის ცნობილი, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებში მათ შესახებ ყველაფერი იციან. ევანჯელინ შინი მეტისმეტად გავლენიან წრეებში ტრიალებს. სინგაპურში, მაგალითად, სწორედ ის იყო ობამას ფონდის მიერ მოწყობილი ახალგაზრდა ლიდერთა ფორუმისა და საქველმოქმედო აქციის ხელმძღვანელი.